დებატები სინამდვილეში ლექციების კურსის გაგრძელება

დებატები სინამდვილეში ლექციების კურსის გაგრძელება

8 ივნისს „რუსთავი-2“-ის ეთერში კიდევ ერთი დებატების მოწმენი გავხდით, სადაც ე. წ. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ (დიდი სირცხვილი ჭამა. ერთ მხარეს იყვნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე, ხოლო მეორე მხარეს - გიორგი შარაშიძე (პარლამენტარი გახარიას პარტიიდან), სანდრო რაქვიაშვილი („გირჩელი“), ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი) და ცოტნე კობერიძე (პოლიტიკოსი). ეს უკანასკნელი რატომ არის პოლიტიკოსი, ამას ვერ გეტყვით. ერთხანობას გირჩ ზურაბასთან „მოღვაწეობდა“, მერე წამოვიდა და სახლშია, რატომღაც ჩამოტარებითაა სტუდიიდან სტუდიაში. 
მოკლედ, ეს დებატები, უფრო სწორად, ირაკლი კობახიძის ლექცია ე. წ. ოპოზიციისთვის საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდა. სულ რჩება შთაბეჭდილება, რომ ე. წ. ოპოზიციონრები სადებატოდ მიდიან მოუმზადებლები, საკითხებში ან საერთოდ ვერ ერკვევიან, ან კიდევ ზერელედ ერკვევიან. ამჯერად მეტიც მოხდა, ისინი ირაკლი კობახიძემ მონუსხა თავისი ცოდნით და მომზადებით, დასხა სტუდიაში ოროსანი მოწაფეებივით, ერთი რაქვიაშვილი ფართხალებდა და ბოლოს ისიც დანებდა. 
„გახარიელი“ გიორგი შარაშიძე თავიდანვე გადავიდა ე. წ. შეტევაზე, უფრო სწორად, უნდოდა შეტევაზე გადასვლა და კობახიძე ღალატში დაადანაშაულა;
სანდრო რაქვიაშვილმა არეულად დაიწყო, ხან მოლდოვას გადასწვდა, ხან უკრაინას, თან აქეთ გადმოვიდა, მერე ისევ იქით გადავიდა, თურმე ევროკავშირი ომში გვითრევდაო, ვითომ აქამდე არ გაუგია. რაქვიაშვილმა სცადა, კობახიძე „გაენათლებინა“ და იმის ახსნა დაუწყო, როგორი მრავალფეროვანია ევროპა. თურმე ევროკავშირში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვანაირი ქვეყნები და მათ მხოლოდ ერთი რაღაცა აერთიანებთ - იქ არ არის ერთპიროვნული მმართველობა. თურმე ჩვენი პოლიტიკური სისტემა შეუთავსებელია ევროკავშირთან, გესმით? მიხეილ სააკაშვილის დროს პოლიტიკური სისტემა შეთავსებული იყო ევროკავშირთან და ამიტომაც ხმას არავინ იღებდა.
შარაშიძემ მაგარი „სკანდალი“ გააგორა (დაახლოებით ისეთი, შავნოდარა რომ გააგორებს ხოლმე), კახა კალაძემო, თბილისის მერმაო, მთელი ცივილიზებული მსოფლიოსგან დასანქცირებული რუსული კომპანია „კამაზისგან“ შეიძინა 5 მილიონი ლარის ღირებულების „კამაზები’; 
როგორ მიიღო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? აი, აქ იწყება ე. წ. ოპოზიციონრების გაფარჩაკება, გთავაზობთ კობახიძის სიტყვიდან ამონარიდებს:
„თქვენ სიტუაციას ისე ხატავთ, თითქოს ოპოზიცია თავგამოდებით მუშაობდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ გადავწყვიტეთ 2022 წლის მარტში კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანა. ჩაერთო სახელმწიფო სამსახური, უამრავი ადამიანი, დავწერეთ 5-ათასგვერდიანი დოკუმენტი, გავაგზავნეთ ევროკავშირში და ვინაიდან ყველა ქვეყანას ვასწრებდით, მოლდოვასაც, უკრაინასაც, უნდა მოენიჭებინათ სტატუსი. მანამდე ენჯეოები გამოდიოდნენ და ეგ დოკუმენტი ჩვენ უნდა დავწეროთო, სრულ აბსურდს ამბობდნენ. რაც ყველა ქვეყანაში იწერებოდა ხელისუფლების მიერ, ამაზე იძახდნენ, ენჯეოებმა უნდა დაწერონო. ესე იგი, ევროპიდან და აშშ-დან დაფინანსებულ ენჯეოებს თავიანთი თავისთვის უნდა დაეწერათ დოკუმენტი. ასეთ აბსურდში ვიყავით და ოპოზიციაც მხარს უბამდა, ამათ უნდა დაწერონო. კარგი, გავიტანეთ ეს ყველაფერი, დავწერეთ განაცხადი და ამ დროს ოპოზიცია გამუდმებით აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ასევე აცხადებდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები. ამაზე არავინ გამოვიდა და არ გააკრიტიკა, ეს რას ნიშნავდა? ყველა იზიარებდა ამას, ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. აპრილში შეიკრიბნენ ბაკურიანში და დაგეგმეს რევოლუცია იმაზე დაყრდნობით, რომ ივლისში არ უნდა მოგვნიჭებოდა სტატუსი. კარგი, წამოვიდეთ აქეთ, არ მოგვცეს სტატუსი, მოგვცეს 12 პუნქტი და ვთქვით, რომ ვასრულებთ ამ 12 პუნქტს, შევქმენით სამუშაო ჯგუფები პარლამენტში, ამ დროს გადაინაწილეს როლები რადიკალურ ოპოზიციაში, 2 თუ 3 პარტია შემოვიდა ჯგუფებში, დანარჩენები არ შემოვიდნენ და იქაც საბოტაჟი, წელიწად-ნახევარი ერთხმად ლაპარაკობდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. როცა მოგვენიჭა სტატუსი, იმის მერეც ამას ამბობდნენ. გახსოვთ მესიჯები, რომ ხალხს მიანიჭეს და არა ხელისუფლებას. ასეთი რამე არ ხდება, თუ ხელისუფლებას არ უნდა, კანდიდატის სტატუსს ვინ მოგანიჭებს? შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი, მოლაპარაკებების ახალი ეტაპი, ერთი წელიწადი მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებდა მოლაპარაკების გახსნას. ყველა ამას აცხადებდა სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით. 
თუ ეს სტატუსი შენი ოცნებაა და გინდა ევროინტეგრაცია, როგორ შეიძლება, 3 წელი იმაზე ილაპარაკო, რომ არ უნდა მოგენიჭოს?
შეკითხვა მაქვს ოპოზიციასთან: მარტო რომ ვიბრძოდით და ვიძახდით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არ შეიძლებაო, მოხალისეების გაგზავნა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსო, ერთი მათგანი გამოვიდა? სად იყო მაშინ თქვენი პატრიოტიზმი? სად იყო ქვეყნის სიყვარული? ერთი მაინც გამოვიდა და გვერდში დაუდგა ხელისუფლებას? ერთი თქვენგანი გამოხვედით და დაგვიდექით გვერდში?
ამერიკის მაშინდელი ელჩი შალვა პაპუაშვილთანაც იყო მისული, სანქციებს ითხოვდა. უკრაინაში ორი თვითმფრინავი გაუშვით და მეტი არ მინდაო. ამ შეხვედრას მეც ვესწრებოდი. ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, სადაც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაიწყო აქციები. რას ითხოვდნენ? 24 თებერვალს ომი დაიწყო, მარტში გამოვიდა ზელენსკი, საქართველოდან გაიწვია ელჩი ორი მიზეზით - სანქციები რატომ არ დაუწესეთ რუსეთს და რატომ არ გამოაგზავნეთ მოხალისეები უკრაინაშიო. ამას როგორ გამოეხმაურა ოპოზიცია? შეიძლება არ დაგმო, მაინც ომშია ქვეყანა, მაგრამ ხომ შეიძლება, გამოხვიდე და არასწორი უწოდო? ომის საფრთხეზე იყო საუბარი, ერთი კაცი მაინც გამოვიდა“?
სტუდიაში მჯდომი ე.წ. ოპოზიცია გამოლენჩდა. მაგათ გამოლენჩება არც ისე აკლიათ, მაგრამ ახლა მთლად გადაეშვნენ მდუმარებაში. ერთი რაქვიაშვილმა წამოიკნავლა, ჩვენ როდის მოგთხოვეთ, რომ ომში ჩართულიყავითო? საქართველოდან უამრავი მოხალისეა წასული, მაგრამ ამას ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემები არ შეუქმნიაო.
ღმერთოოოო!
ამას ოპოზიციონერი ჰქვია და იმასაც ვერ ხვდება, რომ ხელისუფლების მიერ მოხალისეების გაგზავნა ოფიციალურად ომში ჩართვას ნიშნავს. არა, ვერ ხვდება, ვერ იგებს, ესეც ტყემლის ხეზე ზის. 
კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ გაზეთი მეტს ვეღარ იტევს. თუმცა ზოგადი სურათის შექმნა იმაზე, თუ რა დღეშია ჩვენი ე. წ. ოპოზიცია აქედანაც შესაძლებელია. ერთი რა მაგის პასუხია და... ეს ნიკა ჩიტაძე რისთვის მიიყვანეს სტუდიაში? ერთხელ მისცეს სამი წუთით სიტყვა და მაშინაც მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რუსეთი ოკუპანტიაო. ჰო, კაცო, ჰო, გავიგეთ, რუსეთი ოკუპანტია, მერე?
ამ დებატების, სინამდვილეში კი ლექციების კურსის გაგრძელება 13 ივნისს ტელე „იმედის“ ეთერში ამჯერად მამუკა მდინარაძეს ერგო წილად. მას ეხმარებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე. 
მოკლედ, ამ დებატებში გამოიკვეთა ორი სკანდალური თემა: პირველი - ვინ დააფინანსა 40 მილიონი ლარით ნიკა გვარამია. იაგო ხვიჩია ამტკიცებდა, რომ იგი ამ ფასად ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მისთვის 40 მილიონი „ოცნებას“ არ გადაუხდია, ის დააფინანსა უცხოეთმა. 
მეორე სკანდალი მამუკა მდინარაძის ნათქვამს დაუკავშირეს, რომელსაც ე. წ. ოპოზიციამ სულ სხვანაირი „კუდი“ გამოაბა: ბიძინა ივანიშვილი მოწყვლად რეჟიმში კი არა, პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიოს მიერ დასანქცირებულია, 2 მილიარდი გაუჩერეს კაცს. მკვლელობაც შეიძლება იყოს მის წინააღმდეგ დაგეგმილი და მკვლელობა კი არა, ფიზიკურ განადგურებას კი არა, ყველანაირ განადგურებას შეეცდებიან ყოველთვის. იცით, რომ მოწყვლადია ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტი შეიძლება იყოს რაღაცა ფორმით. ბიძინა ივანიშვილის დონის კი არა, ელემენტარულად ერთი აგურის დამდები, საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში, შეიძლება იყოს მოწყვლადი, რადგან შეიძლება ვიღაცამ გააგოროს, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის“. 
ე. წ. ოპოზიციამ ნათქვამი გადააკეთა, თავის აბურდულ პრიზმაში გაატარა და საკუთარ „ფანებს“ ისე შესთავაზა, თითქოს მამუკა მდინარაძემ ივანიშვილის „გაგორება“ ისურვა თუ იწინასწარმეტყველა. გია ხუხაშვილმა ისიც კი თქვა, აწი ბიძინა ივანიშვილს იმისი უნდა ეშინოდეს, ვინც ქვეცნობიერად მის გაგორებაზე ილაპარაკაო.
გამზარდია შეეცადა, საუბარი ფილოსოფიურ ჭრილში გადაეყვანა, მაგრამ კაი აჯაფსანდალი კი გამოუვიდა, თვითონვე ვერ გაიგო, რა თემაზე ლაპარაკობდა და დანარჩენი ე. წ. ოპოზიციონრებიც ძაან ბუნდოვანებაში შეიყვანა.
ვამბობ, მოემზადეთ, სანამ კობახიძესთან და მდინარაძესთან საპაექროდ მიხვალთ-მეთქი, მაგრამ მომზადება ვითომ რამეს იზამს? 

გელა ზედელაშვილი