მირიან ყარაულაშვილი:: აშშ-ის კონგრესიც დიფ სთეითისგან იმართება, ევროპარლამენტიც და რუსეთის დუმაც

მირიან ყარაულაშვილი:: აშშ-ის კონგრესიც დიფ სთეითისგან იმართება, ევროპარლამენტიც და რუსეთის დუმაც

ქაღალდზე პარტნიორობიდან რეალურ პარტნიორობამდე


გვესაუბრება საინფორმაციო სააგენტო „იქს-ნიუსის“ დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი:

_ ბატონო მირიან, ახლახან საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. რა სიკეთეს მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას? 
_ ეს ორივე ქვეყნის ხელისუფლებების მიერ მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამჯერად ჩინეთი კაცობრიობის განვითარების ავანგარდშია ტექნოლოგიური, საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგების თუ სხვა კუთხით. ფაქტობრივად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ტექნოლოგიები, რის წყალობითაც წინ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა, ჰორიზონტალურად განავითარა. ეს მხოლოდ ერთ რომელიღაც ქალაქში ან ლაბორატორიაში როდია თავმოყრილი, არამედ ბევრ პროვინციაში, მათ შორის, დედაქალაქში, სანაპიროებზე, თუ სხვაგან არის განფენილი. ასე რომ, საქართველოსთვის ეს უდიდესი შანსია, რათა ტექნოლოგიების განვითარებაში ჩაერთოს, ინტეგრირდეს თუნდაც მისი კომპონენტების დამუშავება-შექმნა-რეალიზაციაში. აქვე აღსანიშნავია წარმატებები, რასაც ჩინეთმა ბოლო 40-50 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში, საავტომობილო მრეწველობასა თუ სხვა მიმართულებით მიაღწია. დღეს თუკი მსოფლიოში რაიმე მნიშვნელოვანი, ღირებული იწარმოება, 80-90% ჩინეთზე მოდის.
_ რეალურად, რა ინტერესი აქვს ჩინეთს საქართველოში და რამდენად შესაძლებელია, მან აშშ ჩაანაცვლოს, როგორც ამას რადიკალები აცხადებენ? რა საფრთხის შემცველი იქნება ჩვენთვის, თუ ამერიკა ჩვენი ჩინეთთან სტარატეგიული პარტნიორობით გაღიზიანდება?
_ ერთი ქვეყნის მეორეთი ჩანაცვლება არ უნდა მოხდეს. ამერიკას საქართველოსთან მიმართებით თავისი ინტერესი აქვს, ჩინეთს _ თავისი, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანას ორივე ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩინეთს საქართველოს ტერიტორია აინტერესებს, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ ჩვენი ტერიტორიის რაღაც ნაწილი კარაქივით ჩამოგვაჭრას და პეკინს მიუერთოს. ჩინეთს საქართველოს ტერიტორია აინტერესებს, როგორც იმ დიდი პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, რასაც შუა დერეფანი ჰქვია. ასე რომ, საუბარი იმაზე, თითქოს ჩინეთი ამერიკას ანაცვლებს, დიდი სისულელე, გაუმართლებელი პოლიტიკური ხედვაა. 
_ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის პოზიტიური დინამიკა თითქოს შეჩერდა. რას ნიშნავს საქართველოსთვის აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა და რა ახალი ვალდებულებების წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყანა?
_ ვერ ვიტყოდი, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი შეჩერებულია. რეალური პოლიტიკა ის არის, რაც კულისებში ხორციელდება და არა ის, რაც საჯაროდ ითქმება და დეკლარირდება. რუბიოს ამერიკის კონგრესის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლა ორიგინალშიც ვნახე. იგი ამბობს, რომ ქცევა უნდა შევცვალოთ, თუმცა ამაში არც ქართველ ხალხს გულისხმობს და არც ზოგადად, საქართველოს. იგი ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებს გულისხმობს, რომლებმაც ჯო უილსონზე გაღიზიანებულებმა, შესაძლოა, ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიმართ ცოტა მიუღებელი ფრაზები გამოიყენეს. ამერიკა ჩვენთვის არც ქართველობის წართმევას ცდილობს და არც ჩვენს გადაკეთებას. მათი მიზანი ჩვენს რეგიონში თავიანთი ინტერესების გატარება და დაცვაა. ეს ინტერესები, უპირველესად, რეგიონში არსებული ენერგომატარებლების უსაფრთხო გატარებაა. ანუ, მათი ინტერესი პროექტში არსებული სატრანსპორტო კორიდორებზე მშვიდობიანი ატმოსფეროს შენარჩუნებაა. 
ვფიქრობ, ძალიან მალე, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ გაცხადდება, რასაც მივესალმები. შეიძლება, ბევრმა გამაკრიტიკოს, მაგრამ მე მივესამლმები როგორც აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობას და მის განვითარებას, ასევე, ჩინეთთან, რუსეთთან, თუნდაც, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებას. ჩვენ ომით ვერც აშშ-ს დავამარცხებთ, ვერც ჩინეთს, ვერც რუსეთს. საქართველოში ომი არავის სურს. ყველა ვალდებულება დიპლომატიამ უნდა შეასრულოს და რეალური მიზნისკენ მიიყვანოს ის, რაც ქართველის სატკივარია _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
_ აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ჯო უილსონის კანონპროექტი დაამტკიცა და განსახილველად სენატს გადასცა, რომლის მიზანი საქართველოს მიმართ რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მავნე გავლენების შესწავლაა...
_ ჰოდა, ძალიან კარგი, შეისწავლონ, ვნახოთ, რა გამოუვათ. ნეტავ, რა გავლენებზე საუბრობენ, ირანის შაჰის წარმომადგენელი გვიზის საქართველოში პრემიერ-მინისტრად, ამერიკის სენატის თუ ჩინეთის რომელიღაც პროვინციის მმართველი?! სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია, სთხოვს ამერიკის ადმინისტრაციას: გაგვაგებინეთ, სად ხედავთ საქართველოს მხრიდან თქვენ მიმართ წინააღმდეგობასო, მაგრამ ამაზე პასუხს ვერ სცემენ. 
დაბეჯითებით ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება უილსონი, მაგრამ ერთი ფაქტია _ იგი საქართველოში არსებულ ე. წ. დეგრადირებულ ჯგუფებს ემსახურება, რომელსაც ოპოზიციას ვუწოდებთ და რომელიც ჯერ კიდევ სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსდება. მათ შორის, თავისი მმართველობის დროიდან არმად ნაშოვნი ფინანსებიც აქვს შემორჩენილი, რითაც უილსონს მსუყედ კვებავს. უილსონის ავადმყოფურ ტვინში რა აზრი მოიხარშება, ვერ გეტყვით. ალბათ, შესაბამისი შეკვეთა მისცეს და ასრულებს. 
_ სანამ უილსონი ანერვიულდებოდა, სასწრაფოდ შეისწავლეთ საქართველოში ირანის გავლენებიო, ერთი კვირით ადრე, კანდელაკი შფოთავდა _ ჩვენი ქვეყანა ირანის ორბიტაზე ინაცვლებსო. ტექსტების შინაარსი უცვლელია.
_ რადიკალებისა და უილსონების ტექსტები არათუ ჰგავს ერთმანეთს, არამედ საქართველოში იწერება და მეილით უილსონთან იგზავნება. მეორე დღეს კი, ჯო ამ ტექსტებს ახმოვანებს იმის მიხედვით თუ რა თანხა ჩაერიცხება. რაც შეეხება კანდელაკის მსგავს არაკაცებს, მისი ხსენებით ჩვენს დიალოგს არც გავაფუჭებ. იგი გადაგვარებული არსებაა რომელსაც ადამიანად საერთოდ ვერ აღვიქვამ, ვერც ფიზიკურად და ვერც მორალურად. 
_ თუ უილსონის კანონპროექტი ძალაში შევიდა, ხომ არ იქნება ეს იმის მანიშნებელი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც და კონგრესიც დიფ სთეითისგან იმართება?
_ დიფ სთეითისგან იმართება როგორც აშშ-ის კონგრესი, ისე ევროპარლამენტიც და რუსეთის დუმაც. ჩვენმა უსამშობლოებმა სიტყვა „დიფ სთეითი“ გააუბრალოეს და აბსურდამდე დაიყვანეს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. დიახ, დიფ სთეითი არსებობს _ ეს ბიუროკრატების ძალიან მყარი ერთობაა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ერთსა და იმავე პოზიციებზეა და სადაზვერვო თუ სამართალდამცავ სამსახურებს აკონტროლებს. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს არამხოლოდ კონგრესსა და სენატში, არამედ თავად პრეზიდენტის დონეზეც. ამაში გასაკვირი არაფერია.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ტრამპის ჩინეთში ვიზიტით ცხადი გახდა, რა ურთიერთობა აქვთ ამ ქვეყნებს ერთმანეთთან. მაშინ რატომ კეთდება ასეთი აქცენტი საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე?
_ თუნდაც იგივე ჩინეთთან პარტნიორობის კუთხითაც, ახალხელმოწერილი ხელშეკრულების აღსასრულებლად, ვისურვებდი, ჩინეთმა, უპირველესად, სწრაფად და ხარისხიანად უზრუნველყოს საქართველოში იმ ტვირთების ტრანზიტი, რაც დაგეგმილია და რასაც შემდეგ ახალაშენებული პორტი მოემსახურება. ასევე, აქ სასწრაფოდ შექმნას სამუშაო ადგილები, თუნდაც ტექნოლოგიური მოწყობილობების კომპონენტებისთვის საამწყობრო საამქროები. მივესალმები, თუ აშენდება მათი საავტომობილო ბრენდის ერთი ან ორი საამწყობრო ქარხანა ისევე, როგორც უზბეკეთსა და შუა აზიის ქვეყნებშია. ასევე, სასურველია, ჩინეთმა საქართველოში სოფლის მეურნეობის რამდენიმე სერიოზული პროექტი განავითაროს თავისი ავტომატიზებული სასათბურე მეურნეობებით. ამის მერე აღარ დამაინტერესებს, ვისი ინტერესი სად და როგორი იქნება. სწორედ ეს იქნება ურთიერთობის რეალური, ხელშესახები განვითარება.
_ ბატონო მირიან, ზოგადად, რა გავლენას ახდენს გლობალური პროცესები საქართველოზე და რამდენად მოქნილი, სახელმწიფოებრივია ხელისუფლების პოლიტიკა?
_ საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტოების წარმომადგენლებისგან, ვინც ქვეყანას საერთაშორისო სარბიელზე წარმოაჩენს, ყველა მიმართულებით ცოტა მეტ მოქნილობას, უფრო აქტიურ მუშაობას, რეალური, ხელშესახები შედეგების მიღებას ვისურვებდი. რა თქმა უნდა, გლობალური პროცესები საქართველოზე გავლენას ყოველთვის ახდენდა და მომავალშიც მოახდენს.
_ ბოლოს, პოლიციელების ძალადობის ამსახველ გავრცელებულ კადრებზეც გკითხავთ. როგორია თქვენი პოზიცია?
_ ამ კადრების ნახვა იმდენად განვიცადე, ანონსის მერე სიუჟეტი აღარც მინახავს. ნებისმიერ ძალადობას, არაკანონიერ ქმედებას ვგმობ. ამ ფაქტის შესახებ პირველად ახლა გავიგე. თუ ეს საქმე უკვე გამოძიებული იყო და პოლიციელებიც დასჯილნი იყვნენ, დასამალი რა იყო _ ეს თავის დროზე უნდა გახმაურებულიყო და ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის მიერ შესაბამისი რეაგირება ჰქონოდა. ყველაზე ცუდია, როცა ხელისუფლება რაღაცას მალავს, რაც ყოველთვის ათასგვარი კონსპიროლოგიური შეთქმულების ვარაუდებს აჩენს. ფაქტი როგორც კი გამომჟღავნდა, მაშინვე უნდა გასაჯაროებულიყო და დამნაშავეებიც დასჯილიყვნენ. კი ბატონო, ყველა პოლიციელს ვერ გააკონტროლებ, მთავრობა ამაზე პასუხს ვერ აგებს, მაგრამ თავად დამნაშავემ პასუხი მკაცრად უნდა აგოს. მათ წინააღმდეგ რეპრესიული აპარატი სწრაფად და ეფექტიანად უნდა იქნას გამოყენებული.

თამარ შველიძე