ქართველი ფუტკარი, მსოფლიოს მპყრობელი!
იმედია, მეფუტკრეები არ გამიჯავრდებიან, თუ აპიოლოგი არ ვარ და მარტივი ენით იმას მოგიყვებით, რაც ფუტკარზე გავიგე და საინტერესოდ მეჩვენა.
ცხონებული ბიძაჩემი დედის მხრიდან, თუში ჯოჯე წომიკურიძე, გაგიკვიდებათ და, მეცხვარეობის ნაცვლად მეფუკტრეობას მისდევდა. თუშეთის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გაზრდილი ყვავილების ნექტრით მიღებული თაფლის სიძვირფასეზე საუბარს არ ვაპირებ, თვით „ქართველ“ ფუტკარზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. დიახ, „ქართველ“ ფუტკარზე და არა „ქართულ“ ფუტკარზე!
ბიძაჩემი ამბობდა, რომ მთის ქართული რუხი ფუტკარი მწერი კი არა, ქართველია და პიროვნებააო. გამეცინა, ქართველი ფუტკარი რას ჰქვია, მეომარია თუ კარგი მოქეიფე-მეთქი? „ბრძოლა წესების გარეშე“ იცის გადასარევადო.
ფუტკარმა ერთხელ რომ მიკბინა, მის შემდეგ ახლოს არ გავკარებივარ სკას და რადგან არც თაფლისმოყვარე ვარ, ფუტკრების მიმართ არანაირი ინტერესი არ გამჩენია. ამდენად, „ფუტკართმცოდნეობით“ ვერ დავიკვეხნი, მხოლოდ ჯოჯე ძიას ნაამბობებს გავიხსენებ და გეტყვით, რატომ არის ქართული ფუტკარი ქართველი ფუტკარ-ფენომენი.
თურმე, ქართველი ფუტკარი სხვა „ეროვნების“ ფუტკრებისგან განსხვავებით, თვინიერია, აგრესიული არ არის, მაგრამ ბუდეს მაქსიმალურად და აქტიურად იცავს. ჯოჯე ძია იცინოდა, ის ვეღარ გამიგია, შრომისმოყვარე რატომ არის, ან ზამთრის საკვების ეკონომიურად ხარჯვა და ზომიერი ნაყროვანობა რატომ იცისო.
ქართველ ფუტკარს 6-7 მმ-იანი ხორთუმი ჰქონია, რაც დიდად სჭარბობს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფუტკრის ჯიშების ხორთუმის სიგრძეს. გარდა ამისა, ქართველი ფუტკარი ყოფილა ყინვისადმი დამაკმაყოფილებელად გამძლე, მაღალპროდუქტიული და ცვილის მაღალი მწარმოებელი. კიდევ რა თვისებები აქვს, არ მახსოვს, მაგრამ მსოფლიოში ფუტკრის უნიკალურ ჯიშად კი მიიჩნევა.
რომელიღაც წელს ასევე მაღალპროდუქტიულ იტალიურ ფუტკართან გაუჯიბრებიათ და ქართველმა ფუტკარმა თურმე 36,5 კგ-ით მეტი თაფლი დააგროვა. ქართველ ფუტკარს სამი ოქროს მედალი ჰქონია აღებული. პირველი, ჯერ კიდევ მაშინ, მე რომ დაბადებული არ ვიყავი, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში აუღია, მეორე _ რუმინეთში, მესამე _ რუსეთში. იმდენად უნიკალური და ძვირფასი სამეურნეო-ბიოლოგიური თვისებები ჰქონია, რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, ოკეანის გაღმა, აშშ-ის ჩათვლით, ქართველი ფუტკრის მოშენება დაუწყიათ, _ ქართული (თუშური) ცხვარი და მისი მატყლის ღერების უცნაური სტრუქტურა გამახსენდა.
ქართველი ფუტკარი მშვიდობისმოყვარე და თვინიერია-მეთქი. მაგალითად, ბრაზილიური და აფრიკული ფუტკარი აგრესიული და თან მეომრები ყოფილან, რომელთაც სასტიკად დაჩაგრეს რუსული და იტალიური ფუტკარი. ქართული ფუტკარი რომ გაიყვანეს საქართველოს ფარგლებსგარეთ, არავის ჰგონებია, რომ „ფალავნებს“ გაუმკლავდებოდა, მაგრამ მოხდა მეფუტკრეებისთვის საოცრება, ქართულმა ფუტკარმა არა მხოლოდ მოიგერია ფალავნები, არამედ დაამარცხა და მათზე გაბატონდა კიდეც.
ვინაიდან წელიწადში ერთხელ მაინც მიწევს თელავში გომბორით გადასვლა, ბორჯომში ჩასვლა, ან საქართველოს მთაში ასვლა, შესაბამისად, თაფლიც მომაქვს, მაგრამ მეფუტკრეებს გაშეშებული ველაპარაკები, ფუტკარმა რომ დამნესტროს, არ მინდა. შარშან, თბილისისკენ მომავლებმა მეფუტკრეებთან შევაჩერეთ მანქანა, მაგრამ ისე ირეოდნენ ფუტკრები, ვერ მივუახლოვდით _ სიმრავლის გამო თავდაპირველად სულაც ქინქლა მეგონა. თურმე, რაღაც მიზეზის გამო ფუტკარი არეულა და თავიანთ დედებს ეძებდნენ. უთაფლოდ წამოსვლა მოგვიწია....
ახლახან მესამე პირისგან გავიგე ამბავი, რომელიც ადვოკატ გიორგი ქართველიშვილს მოუყოლია: „ეს დღეებია, პირდაპირ ჩემი მამა-პაპის დროინდელ სახლში მოდის ქართული ფუტკრის ნაყარი ოჯახები და ჩემი სახლის მეორე სართულზე, დიდ აივანზე სხვადასხვა ადგილზე მიეყრებიან ხოლმეო. სახლში რომ მივედი, ორი ნაყარი ფუტკარი ზედ ჩემს საძინებელ კართან მიყრილიყოო“.
ნაყარი, ეს არის პროცესი, როდესაც დედოფალი ფუტკარი საცხოვრებელს ტოვებს დიდი რაოდენობით მუშა ფუტკართან ერთად. ნაყარში, შესაძლოა, 1000 ფუტკარიც იყოს და 10 000-იც.
ჩამოუსვია ეს ორი ოჯახი და გაუყვანია სახლთანვე ახლოს მდებარე შესაფერის ტერიტორიაზე. „მივბრუნდი სახლში და მესამე ოჯახი მოსულიყო და კარის წინ, მუხის სვეტებზე მიყრილიყო. ვინც მეხმარებოდა, ის ამბობდა, ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდიო. ორ კვირაში 17 ოჯახი მოვიდა ჩემთან და ყველანი ჩემს აივანზეო. ფუტკარი სკაში ჩასმისას თავისთავად აირია, მაგრამ გამოდიოდნენ სკებიდან და ნაწილდებოდნენ, სანამ ყველამ თავისი დედა არ იპოვა, ასე დაბზუოდნენო“, _ უამბია გიორგი ქართველიშვილს.
ეტყობა, ასეთ პროცესს შევესწარი მეც.
ვიდეო მაქვს ნანახი, შუა ქალაქში, მცირე ხნით მარკეტთან გაჩერებული მანქანა რომ მთლად დაფარულია ფუტკრებით და პატრონი ვერ ეკარება. გაირკვა, რომ დედა-ფუტკარი რაღაცნაირად მანქანის სალონში აღმოჩენილა და მთელი შთამომავლობა იყო შესეული მის გამოსახსნელად.
იცოდით, რომ დედოფალ ფუტკარსაც აქვს ნესტარი, მაგრამ ის არ იკბინება, თუ მოწინააღმდეგეც დედოფალი ფუტკარი არ არის? რომ ფუტკრები ცოცხლობენ არაუმეტეს 45-60 დღისა, ხოლო დედოფალი ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-6 წელია? რომ ფუტკრის სკები იმიტომ არის ფერადი, რომ ფერებს არჩევენ, მხოლოდ წითელს აღიქვამენ ნაცრისფრად? რომ ფუტკრებს იყენებენ ასაფეთქებელი ნივთიერებების მოსაძიებლად და და ისინი უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები?
ახლახან ვნახე, როგორ ასულიერებენ ამოტრიალებულ მკვდარ ფუტკარს ფუტკრები. მაინტერესებდა, როდემდე აბურთავებდნენ და... გააცოცხლეს.
დამაინტერესა ფუტკრებმა და ახლა დიდ ხოჭოსთან მათ ბრძოლას ვუყურე, რომელსაც იმხელა ყბა ჰქონდა, რომ პირველი ფუტკარი გაკბიჩა. თავს რომ დაესხნენ ფუტკრები, ხოჭომ გაფრენა დააპირა, მაგრამ ფეხებზე ჩამოეკიდნენ, ჩამოაგდეს, აფრენის საშუალება არ მისცეს და მოკლეს.
რა საინტერესოა _ აფხაზურ მითოლოგიაში ცნობილია ღვთაება „ანანა-გუნდა“, რაც მეფუტკრეობას უკავშირდება. ანანა-გუნდა _ გუნდის დედა, იგულისხმება ფუტკრის ოჯახი, გუნდი. ის შვილოსნობისა და გვარის გამრავლების მფარველად მიიჩნევა. მისდამი ლოცვებს აღავლენენ გაზაფხულზე, ფუტკრის გამრავლების დროს და ზაფხულში, თაფლის შეგროვების დაწყებამდე. ანანა-გუნდას სახელს უკავშირდება უცნაური აფხაზური ტრადიცია _ გათხოვილ ქალს მამის სახლიდან ატანდნენ მონიშნულ ძროხას (ყურის წვერს აჭრიდნენ), მის მოზვერს კი ყოველ წელს სწირავდნენ ანანა-გუნდას დღეობის დროს.
ბერძნულ მითოლოგიაში ფუტკრები ასოცირდებიან სიცოცხლესთანაც და სიკვდილთანაც, რადგან ფუტკრის ოჯახები, ძირითადად, ისეთ ადგილებში ხვდებოდათ, რომლებსაც ბერძნები ქვესკნელის შესასვლელად მიიჩნევდნენ.
ძველ ფილოსოფოსთა შეხედულებით, ადამიანს სიკვდილის შემდეგ ფუტკრის სახით შეეძლო ხელახლა მოვლენა...
ფუტკარი მთელი მსოფლიოს ფოლკლორშია და ასევე ხალხურ მაგიაში, როგორც თაფლი, ისე ფუტკრის შხამი. ცრურწმენით _ თუ ფუტკარი ხელზე დაგაჯდება, ფულის მოსვლას ნიშნავს... კარგია ფულის მოსვლა და ისიც ვიცი, თუ ფუტკარი ხელზე დაგაჯდება, ხელი არ უნდა აუქნიო, უმიზეზოდ არ გიკბენს, რადგან ბზიკებისა და კრაზანებისგან განსხვავებით, თუ გიკბინა, თვითონვე კვდება.
აინშტაინი მიიჩნევდა, რომ თუ ერთ დღეს ფუტკარი გაქრება, სახეობა ადამიანს ოთხი წელიც კი არ დასჭირდება გასაქრობად...
ყოველ წელს გვჩუქნიდა ჯოჯე ძია თაფლს და ერთ წელსაც გვითხრა, დიდი ეჭვი მაქვს, თაფლი აღარ მექნება, ფუტკარი იკარგებაო, _ მისი აზრით, მობილური ანტენების ძალზე მომრავლების გამო ფუტკრები გზას ვეღარ იგნებდნენ. ახლახან გავიგე, რომ ბოლო პერიოდში მეთაფლია ფუტკრების მასობრივად დაღუპვის ტენდენცია შეინიშნება _ აშშ-ში 40%-ზე მეტი ფუტკარი მოკვდა. ევროპაში ნაკლები პროცენტია, მაგრამ მაინც ასეა. ვარაუდობენ, რომ ფუტკრების დაღუპვის მაღალი მაჩვენებელი სოფლის მეურნეობაში პესტიციდების აქტიური გამოყენების „დამსახურებაა“.
ვითა ღირს თაფლის გემება, ფუტკრის ცემასა მწარესა!
ფუტკარი გავრცელებულია ყინულოვანის გარდა ყველა კონტინენტზე. ბირმაში ნაპოვნია ქარვის ნაჭერი, რომელშიც გაქვავებული ფუტკარია. ქარვა დაახლოებით 100 მლნ წლისაა. მაშასადამე, ნაპოვნი ფუტკარი ერთ დროს დინოზავრების გვერდით დაფრინავდა.
ფუტკრების პირველი გამოსახულებები აღმოჩენილია პირველყოფილი ადამიანების გამოქვაბულების რამდენიმე ნახატში. მაგალითად, ვალენსიაში აღმოჩენილია კაცის გამოსახულება, რომელიც ცდილობს თაფლის ამოღებას ველური ფუტკრების ბუდიდან. ნახატი დაახლოებით 10 000 წლისაა.
ქალღმერთების ემბლემა იყო ფუტკრისგამოსახულებიანი სამკაული;
მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ მონეტაზე (ეფესოს მონეტა) ფუტკრის სიმბოლო იყო გამოსახული;
პაპმა ურბან VIII-მ ფუტკარი თავის ემბლემად გამოიყენა;
პირველი დინასტიის დროს (ძვ. წ. 3200 წ.) ფუტკარი ეგვიპტის მეფეთა ნიშანი იყო.
მოკლედ, ფუტკარი ყოფილა პიროვნება, ჩვენი ფუტკარი კი _ ქართველი ვაჟკაცი ფუტკარი. ჰოდა, ამ ვაჟკაცის შექმნილი დინდგელი (პროპოლისი) ყოველთვის მაქვს, მოვაჭრი პატარას და ვღეჭავ. როგორც ამიხსნეს, ორგანიზმში ასუფთავებს უჯრედების მემბრანებს, შლის „ცუდ“ ქოლესტერინს, ებრძვის პათოლოგიურ უჯრედებს, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილს და მწყობრში მოჰყავს უჯრედის სუნთქვა _ ვრცელი ჩამონათვალია, მაგრამ მიზეზთა გამო აღარ განვავრცობ.
ვფიქრობ, ქართველი ფუტკრის ამბავი მხოლოდ ჩემთვის არ ყოფილა საინტერესო...
მაკა ჯაყელი

