ლევან მამალაძე: ეს სხვა ტიპის ომია - კაბინეტებში სხედან და ადამიანებს დრონებით ხოცავენ

ლევან მამალაძე: ეს სხვა ტიპის ომია - კაბინეტებში სხედან და ადამიანებს დრონებით ხოცავენ

გვესაუბრება „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე: 

_ ბატონო ლევან, „ბლუმბერგის“ ცნობით, ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“, რეალურად უიტკოფისა და პუტინის შედგენილი ყოფილა. რა პერსპექტივა აქვს მშვიდობას? 
_ მშვიდობის დამყარებაზე საუბარი ტრამპის პრეზიდენტობიდან მოყოლებული, აქტუალურია, თუმცა ომში მონაწილე ქვეყნებს, ამის სურვილი არ ეტყობათ. ზელენსკის კარგად ესმის, რომ მშვიდობა ტერიტორიების დათმობასა და აღიარებაზე გადის. რუსეთმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად, დაპყრობილი ტერიტორიები მისი საკუთრებაა. ამიტომ პუტინის მოთხოვნაა, ყირიმი, დონბასი, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილი, მის ტერიტორიებად ოფიციალურად იქნას აღიარებული. 
ზოგადად, ყველა ომი გარკვეული შეთანხმებით მთავრდება _ ვიღაც მარცხდება, ვიღაც იმარჯვებს. რეალობა ის არის, რომ რუსეთი უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებს. ეს ჰიბრიდული ომი, კოსმიური თვალთვალით, დრონებით ბრძოლაა და არა იმ ფორმატის, რომ შეტევა ასეულ კილომეტრზე განვითარდეს. დიახ, ეს სხვა ტიპის ომია _ კაბინეტებში სხედან და ადამიანებს დრონებით ხოცავენ. ამ ვითარებაში უპირატესობა რუსეთის მხარესაა. ტრამპის ადმინისტრაცია აანალიზებს, რომ მან ამ ომიდან მაქსიმუმი მიიღო _ ევროპა შესუსტდა და მისი დეინდუსტრიალიზაცია მიმდინარეობს. ევროპა აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური კონკურენტი იყო. ამერიკამ მისი ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვია. თუკი აქამდე ევროპა იაფფასიან რუსულ გაზსა და ნავთობს ყიდულობდა, ახლა ენერგომატარებლები აშშ-იდან შეაქვს, რაც ბევრად ძვირი უჯდება. ტრამპმა მიაღწია იმასაც, რომ უკრაინას დახმარებას პირდაპირ კი არ აძლევს, არამედ ამერიკის შეიარაღებისთვის თანხის გადახდა ნატო-ს მეშვეობით ხდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აშშ-მ საწყობები ძველი იარაღისგან გაანთავისუფლა (ასევე, რუსეთმაც), მსოფლიო მოთხოვნილების შესაბამისად, უკრაინას იმ ოდენობის ახალ იარაღს ვეღარ აწვდის, ამიტომ მას ომის შეჩერება აწყობს, რათა მთელი პასუხისმგებლობა ეკონომიკური თუ სხვა, ევროპაზე გადავიდეს და სისხლისღვრა შეწყდეს. ასე რომ, უამრავი ფაქტორია, რატომ სჭირდება აშშ-ს ეს მშვიდობა.
_ რუსეთის ინტერესში რამდენად არის მშვიდობის დამყარება? 
_ რაც შეეხება რუსეთს, მას ცოტა სხვა ინტერესი აქვს. პუტინი ხედავს, რომ ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, შეტევას ავითარებს. უკრაინას კი ბევრად მწირი ადამიანური, სამხედრო რესურსები აქვს, ვიდრე რუსეთს. თანაც, უკრაინა არ უნდა განვიხილოთ, როგორც ომში მონაწილე ცალკე სახელმწიფო. მის მხარეს ნატო-ს მთელი ძალებია ჩართული _ ოფიცრები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სპეციალისტები, თუმცა ნატო-ს სამხედრო ქვედანაყოფები უკრაინაში შესული არ არიან. რეალურად, ეს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე რუსეთისა და ნატო-ს ომია. ამიტომ რუსეთის მთავარი ამოცანა მეტი ტერიტორიების დაკავებაა, რათა სავაჭროდ უკეთესი პირობები ჰქონდეს. რუსეთის გათვლებით, ოდესაც და ხარკოვიც მისი უნდა გახდეს. ამ ტერიტორიებთან ახლოს არიან, მაგრამ იქ არის აგრეთვე ნიკოლაევის ოლქის ნაწილი, საითკენაც ასე აქტიურად სვლას ვერ ახერხებენ. 
ტრამპი კარგად ხვდება, რომ დროის გაწელვა უკრაინის სასარგებლო ვერ იქნება, ასე რუსეთი მეტ ტერიტორიებს დაიპყრობს, მეტიც, თუკი ოდესის მიმართულებით წავა, შეიძლება უკრაინა მთლიანად შავი ზღვის გარეშე დატოვოს. ამიტომ ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისითაც, ამერიკას აწყობს, ომი შეჩერდეს. მას სურს, ოდესა, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც შავი ზღვის ნაწილი, თავად აკონტროლოს, პირდაპირ თუ ვერა, უკრაინის მეშვეობით მაინც.
რაც შეეხება ზელენსკის, მას ომის შეწყვეტა არ აწყობს, რადგან იმის აღიარება მოუწევს, რომ ტერიტორიები დაკარგა. შემდეგ დადგება საკითხი, თუ რა საჭირო იყო ამხელა მსხვერპლი და ქვეყნის გაუბედურება. არადა, ზელენსკი პრეზიდენტად მშვიდობის ლოზუნგით მოვიდა, ხალხმა ამისთვის აირჩია, მაგრამ მან უკრაინას უღალატა და შემკვეთების თამაში ითამაშა. შედეგიც სახეზეა _ ბუნდოვანი პერსპექტივა. ასე რომ, პირდაპირი მნიშვნელობით, აშშ-ს აწყობს, შეთანხმება შედგეს, ევროპას და ზელენსკის _ არა, არც რუსეთს, რადგან, როგორც მოგახსენეთ, მას ხარკოვისა და ოდესის დაპყრობა უნდა. 
ევროპა და ზელენსკი, რომელთაც ომის დასრულება არ აწყობთ, რუსეთს ვერაფერს უპირისპირებენ, რაც მათთვის შეიძლება მძიმე შედეგით დასრულდეს. აქედან გამომდინარე, ისინი შეეცდებიან, ეს 28 პუნქტი თავიანთ სასარგებლოდ გადააკეთონ, რის საპირისპიროდაც პუტინმა თქვა: ან შევთანხმდებით, ან იმ ტერიტორიის ნაწილს, რაც დონბასის ოლქში უკრაინელებს უჭირავთ, ომით ავიღებთ, საზღვარზე მივალთ და მერე ცეცხლს შევწყვეტთო. ვფიქრობ, ომი უცებ არ შეჩერდება, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი გაიხსნება.
_ პუტინმა აღნიშნა, რომ შთანხმებაზე ხელმოწერას აზრი არ აქვს, რადგან ზელენსკი არალეგიტიმურია. ამასთან, კორუფციული სკანდალი რამდენად არის ფაქტორი?
_. კორუფცია ცალსახად არის. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი _ კორუფციასთან ბრძოლის ავტორი ზელენსკი კი არ არის, არამედ სამხედრო სადაზვერვო სამსახური და ა. შ. რომლებიც ნაბუ-ს _ უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს აკონტროლებენ და მათი დავალებით მოქმედებენ. ანუ აშშ დავალებას, ასევე, სადაზვერვო ინფორმაციას აძლევს, რომელი პირი რით არის დაკავებული. ზელენსკის სამეგობრო გაიქცა, ერმაკის ბინაში, რომელიც მისი მარჯვენა ხელია, ჩხრეკები ჩაატარეს. ზელენსკი კუთხეში ჰყავთ მომწყვდეული _ თუ ევროპელ წამქეზებლებთან ერთად ახალ თამაშს წამოიწყებს, ამერიკელები მასაც მიადგებიან. ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს მკაცრი გზავნილი გაუგზავნა. ხომ ხედავთ, მას არც კი ხვდება. ევროპელებიც მიხვდნენ, რომ საქმე არც ისე მარტივადაა და წაქეზებით ფონს ვერ გავლენ. 
მეორე საკითხია ზელენსკის ლეგიტიმურობა. უკრაინის კონსტიტუციით, იგი არალეგიტიმური პრეზიდენტია. თუ არჩევნები ვერ ტარდება, პრეზიდენტის ფუნქციას პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს. უკრაინა, შინაარსობრივად, საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. კონსტიტუციაში არსად წერია, რომ საომარ მდგომარეობაში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ამიტომ ზელენსკი არალეგიტიმურია. პუტინმა ამ ვითარებით ისარგებლა და განაცხადა: არ მაინტერესებს, უკრაინის მხრიდან ხელს ვინ მოაწერს, რადგან ისინი არალეგიტიმურები არიან. ჩემთვის მთავარია, შეთანხმება საერთაშორისო ძალების მხრიდან იყოს აღიარებულიო. ანუ, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელნი აშშ და ევროპა უნდა იყვნენო.
აქვე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი: 28 პუნქტიდან ერთ-ერთი ითვალისწინებს, ყველას, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირების სრულ ამნისტიას. მაგრამ ეს რამდენად იქნება საკმარისი, ზელენსკიმ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს, არავინ იცის. ასეთ დანაშაულებს, ისტორია არავის პატიობს. რისთვის დაიწყო ომი? მან ვერ აარიდა ქვეყანას გეოპოლიტიკური გარდატეხები და ვერ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება. ყველაფერი პირიქით გააკეთა.
_ საქართველოს წინაშე არსებული რისკები უცვლელია?
_ კარგად უნდა გაანალიზდეს, საქართველოსთან მიმართებით რა შეიძლება იყოს პრობლემატური. ზოგადად, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის შესაძლო მოქმედება სხვა მიმართულებით უნდა განვიხილოთ _ იქ, სადაც მან თავისი პოზიციები შეასუსტა, დაიწყებს თუ არა ახლა ამ პოზიციების გაძლიერებას. პირდაპირ გეტყვით, დღეს კავკასიაში რუსეთის გავლენა საკმარისზე მეტადაა შესუსტებული. ვგულისხმობ პოლიტიკურ გავლენას. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი, ეს არის რუსეთთან დაბალანსების პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის ამართლებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც რუსეთი ანგარიშს უწევს და მათ სამხედრო მოწინააღმდეგეებად არ განიხილავს. ესაა ჩინეთი, არაბეთი, კატარი... ანუ ეს ის ძალებია, რომელთაც რუსეთი სამხედრო გზით ვერ დაუპირისპირდება. ამიტომ ჩვენს ეკონომიკაში ჩინეთის და არაბეთის შემოყვანა ბალანსის ერთ-ერთი მექანიზმია, რასაც რუსეთი ანგარიშს გაუწევს. რაც მეტად შევძლებთ ამ ბალანსის შენარჩუნებას, ჩვენს სუვერენიტეტს და შესაძლებლობებს, მით უფრო გავაძლიერებთ. 
როგორც იკვეთება, უკრაინის ომიდან რუსეთი გამარჯვებული გამოდის. კარგად უნდა გავიაზროთ, რა შეიძლება მოხდეს უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, როცა რუსეთი გამარჯვებული გამოვა და მეტ ბენეფიტებს მიიღებს. აქედან გამომდინარე, კავკასიაში რუსეთის გააქტიურებას უნდა ველოდოთ. საქართველოსთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია. ჩვენი მთავრობა, სუს-ი ამ მიმართულებით რა გათვლებს აკეთებენ, ვერ გეტყვით. თუკი რუსეთი ისე შემოტრიალდება, რომ მას არაფრის გათვალისწინება არ დასჭირდება, ჩვენ სასწრაფოდ ყველა მიმართულებთ მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ: სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური პერსპექტივის, შავ ზღვაზე თანამშრომლობის თვალსაზრისით, ტრანზიტების, არამარტო აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, არამედ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულების განვითარება. დიახ, საქართველომ იმ თემების დარეგულირება უნდა დაიწყოს, რაც რუსეთის ინტერესშია _ გლობალური სავაჭრო ეკონომიკური თემები, რათა ჩვენ ხელთ მეტი კოზირი გვქონდეს. ეს შანსები ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა უკრაინის ომის დასრულების შემდეგ კი არ შევსუსტდეთ, არამედ უფრო გავძლიერდეთ. ეს მნიშვნელოვანი თემაა. მეორე მხრივ, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი: ჩვენ მიმართ, გარკვეულწილად, დასავლეთიდან ზეწოლა შემსუბუქდება. 
_ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
_ მოგახსენებთ, უკრაინაში მოქმედებს საქართველოს საწინააღმდეგო ცენტრი, რაშიც ქართველებთან ერთად ჩართულნი არიან უკრაინელებიც, დასავლეთის სპეცსამსახურებიც, რომლებიც სხვადასხვა გეგმებს ამუშავებენ. როგორც კი ომი დასრულდება, ეს თემა დაიხურება. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. 
თამარ შველიძე