618 გვერდში ჩატეული გრიგორ სუნის აბრაკადაბრა საქართველოზე

618 გვერდში ჩატეული გრიგორ სუნის აბრაკადაბრა საქართველოზე

(გაგრძელება, 
დასაწყისი იხ. „სგ“ N16.)
ერთი-ორი წერილიც და ამერიკელი პროფესორის, გრიგორი სუნის „ნამოღვაწარზე“ წერას დავასრულებ. ჯერ ერთი, უკვე შევწუხდი ამდენი დამახინჯებული ფაქტების კითხვა-განხილვით და მეორეც - ამას რომ ბოლომდე მივყვე, ახალ წლამდე ვერ მოვრჩები. ამიტომ, კიდევ ორიოდე ნიუანსი, რომლის გვერდის ავლაც, უბრალოდ, დანაშაული იქნება და დაგასვენებთ, მეტს აღარ განერვიულებთ. სხვათა შორის, რამდენიმე მკითხველმა დამირეკა და მითხრა, რომ, რასაც ვაკეთებ, ეს არის უდიდესი საქმე, ჩვენ ყოველთვის გვიმახინჯებენ ისტორიას და ვიღაცამ ამ უცხოეთიდან დაფინანსებულებს პასუხი უნდა გასცეს. როგორც პირველ წერილში მოგახსენეთ, გრიგორი სუნი თავის „ნაშრომში“ ამტკიცებს, რომ მე-18 საუკუნემდე, ქართველი ერი, როგორც ასეთი, არ არსებობდა, შემდეგ ჩამოყალიბდა აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა მეცადინეობით. მანამდე ჩვენ გვერქვა უბრალოდ, „ხალხი“, მეტი არაფერი. შემდეგ წერილში გაგაცანით, რას წერს მისტერ სუნი ზვიად გამსახურდიასა და მის ხელისუფლებაზე, ეროვნულ მოძრაობაზე, იგი ზვიად გამსახურდიას ხელაღებით უწოდებს დიქტატორსა და ეროვნული უმცირესობების მჩაგვრელ ადამიანს, თურმე გამსახურდია აცხადებდა, ვისაც ჩვენთან ცხოვრება არ უნდა, ახლავე დატოვოს საქართველოო. მოდი, ახლა ვნახოთ, როგორ „ეგურგურება“ ამერიკელი სომეხი ედუარდ შევარდნაძის წარსულს, მის „მოღვაწეობას“ და გაკეთებულ საქმეებს. დავიწყოთ დახასიათებით:
„ხასიათით თუ გამოცდილებით, ედურად შევარდნაძე გამსახურდიას პოლარულად საპირისპირო ფენომენი იყო - გაწაფული პოლიტიკოსი, რომელმაც თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა კომუნისტურ აპარატში, ბუნებით მომრიგებელი და მომლაპარაკებელი“.
ბუნებით მომრიგებელი და მომლაპარაკებელი ყოფილა შევარდნაძე, თანაც ბუნჩულა, სიკეთით აღსავსე, თაფლივით ტკბილი. მან უნებლიეთ დაამხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, არ უნდოდა, ფაქტობრივად, ზვიად გამსახურდიამ დაიმხო საკუთარი თავი, მერე სამეგრელოს მივარდნილ სოფლებში იარა, სუსხიანი ზამთარი იყო, შეეშინდა და თავი მოიკლა. მას არავინ მისდევდა, არავინ ედგა კვალში. ეროვნული ხელისუფლების დასამხობად მოსკოვიდან ფულს შევარდნაძე კი არა, ვიღაც სხვა, ვიღაც გადამთიელი აგზავნიდა. ეგ კი არა, გრიგორი სუნის მტკიცებით, სოფელ მამათში ბავშვობისას ედუარდი დიდი კამათის შემსწრეც გამხდარა, რომელიც მამამის ამბროსისა და ბიძამის აკაკის შორის მიმდინარეობდა. თურმე მამამისმა ამბროსიმ 1920-იან წლებში მენშევიკებიდან კომუნისტებში გადაინაცვლა, ხოლო ბიძა მენშევიკად დარჩა. შევარდნაძე იხსენებს, ეს იყო მრავალპარტიული ოჯახიო. გაიგონეთ? ვინაიდან ედუარდ შევარდნაძე მრავალპარტიულ ოჯახში გაიზარდა, ამიტომაც გამოვიდა მისგან დიდი დემოკრატი. აი, თურმე როგორი მნიშვნელოვანია ოჯახური მრავალპარტიულობა. კი იყო ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი კომუნისტი, კი ჰკოცნიდა მას ლეონიდ ბრეჟნევი ტუჩებში, მაგრამ იქ, სადღაც გულის სიღრმეში მაინც მენშევიკად რჩებოდა. კიდევ ერთი - ბავშვობაში შევარდნაძე აქტიური პიონერი ყოფილა და ამის გამო ამხანაგები გაურბოდნენ, თუმცა მან სტალინიზმის ბოროტების რაციონალიზება მაინც მოახერხა და კომუნიზმის ერთგული დარჩა. სხვათა შორის, გრიგორი სუნის გარდა, არიან სხვა მეცნიერებიც (აღარაფერს ვამბობ საზოგადოების „განსწავლულ“ წევრებზე), რომლებიც კომუნიზმსა და სოციალიზმს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებენ. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ, იმ დროის ახალგაზრდები კომუნიზმში ვცხოვრობდით და ეს იყო საშინელება, სიბნელე და ბოროტება. ამათ ჯერაც ვერ გაურკვევიათ, რომ კომუნიზმი იყო მხოლოდ იდეა, რომელიც ვერ განახორციელეს კომუნისტებმა. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ, როცა კომუნიზმში ვიცხოვრებდით, ყველაფერი იქნებოდა უფასო. თქვე ოჯახქორებო, დაგუგლეთ მაინც და ისე წერეთ საქართველოს ისტორია. 
შევარდნაძე ერთხანობას მედიცინას სწავლობდაო, - გვასწავლის გრიგორი, - შემდეგ კომკავშირის პოლიტიკურ ინსტრუქტორად დაინიშნაო. ჯერ ერთი, შევარდნაძე ვეტერინარობას სწავლობდა ერთხანობას და მეორეც - ეტყობა, კომკავშირის პოლიტიკურ ინსტრუქტორად მას მერე დაინიშნა, სტალინიზმის ბოროტების რაციონალიზება რომ მოახერხა. მართალია, ბოლომდე მაინც ვერ გავიგე, სტალინიზმის ბოროტების რაციონალიზება რას ნიშნავს, მაგრამ რაკი მისტერ სუნმა თქვა, დაეჯერება, ალბათ, ეგრეც იყო. როდესაც ედუარდ შევარდნაძემ ნანული ცაგარეიშვილზე იქორწინა, დიდ რისკზე წასულა, რადგან იმხანად ხალხის მტრის შვილზე ქორწინება სახიფათო რამ ყოფილა. ნანული ცაგარეიშვილის მამა დახვრიტეს. შევარდნაძე ასევე დიდ რისკზე წასულა, როცა 1956 წლის მარტში ძალის გამოყენების წინააღმდეგი ყოფილა. მოგეხსენებათ, მაშინ ქართველი ხალხი ქუჩაში სტალინის კულტად გამოცხადების გამო გამოვიდა. თუმცა, მოხდა საოცრება, ნაცვლად იმისა, რომ შევარდნაძე დასჯილიყო, საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად აირჩიესო, - გვაუწყებს მეცნიერი. ალბათ, სიტყვა „აირჩიეს“ აქ ზედმეტია, უნდა იყოს „დანიშნეს“. მოკლედ, კაცი, ფაქტობრივად, დისიდენტი ყოფილა, სულ სახიფათო რაღაცებს სჩადიოდა და ესენი კიდევ მაინც აწინაურებდნენ და აწინაურებდნენ. მეცნიერი დასძენს, როგორც ჩანს, მას ძლიერი მფარველები ჰყავდაო, მათ შორის საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძეო, გამორჩეულად რბილი, ზომიერი და მიმნდობი კაციო. აი, ეს კი მართალია, მჟავანაძე რომ რბილი და მიმნდობი იყო, შევარდნაძემ ამიტომაც (რბილად რომ ვთქვათ) გადააყენა და მის ადგილზე წამოჯდა. ეს მოხდა 1972 წელს. ამის თაობაზე მთელმა საქართველომ იცის, ახლა თავიდან აღარ მოვყვები. 
შემდეგ მეცნიერი გვიყვება, როგორ განაგრძობდა 1992-1993 წლებში დასავლეთ საქართველოდან ზვიად გამსახურდია თბილისის წინააღმდეგ ბრძოლას, 1992 წლის მაისსა და ივნისში „ზვიადისტები“ ქუჩაში გამოვიდნენ და შეიარაღებული შეტაკებებიც მოხდა. დაუკვირდით, თურმე „ზვიადისტები“ ქუჩაში რომ გამოვიდნენ, შეიარაღებული შეტაკებები ამიტომ მოხდა. შეტაკებებიო, იმას კი არ წერს, შევარდნაძისა და „მხედრიონის“ ნაბიჭვრებმა გამსახურდიას მომხრეები დახვრიტესო. არა, მაგას როგორ იტყვის, შევარდნაძე ხომ პირდაპირ ციდან ჩამოფრინდა ქვეყნის გადასარჩენად? ნახეთ, როგორი ფრაზა გადმოისროლა ამერიკელმა მეცნიერმა: „გამსახურდიას მომხრეები, შევარდნაძის ერთგულ ჯარს ებრძოდნენ“. შევარდნაძის ერთგულ ჯარსო, ამით გვეუბნება, სახელმწიფო შევარდნაძის მხარეს იყოო. შემდეგ ქართველებს აფხაზებიც აღუდგნენო, ბოლოს რუსებიც ჩაერივნენ და ამათ შორის 70 ათასზე მეტი სომეხი, ბერძენი და სხვა უმცირესობები მოხვდნენო, რომლებსაც ზოგიერთი ექსტრემისტი ქართველი ნაციონალისტი ქვეყნიდან გაძევებას უპირებდა ჰომოგენური საქართველოს შესაქმნელადო. აქ პროფესორი ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს ტოვებს, უფრო სწორად, ჩქმალავს, ეს გახლავთ ბაგრამიანის ბატალიონის საგმირო საქმეები აფხაზეთში. ამას საერთოდ არ ახსენებს, პირიქით, 70 ათასი სომეხის, ბერძენისა და სხვათა წინაშე დამნაშავედ ქართველებს აცხადებს, თურმე ჩვენ მათ გასახლებას ვაპირებდით. ვიმეორებ, გრიგორ სუნს ეს ინფორმაცია ამოკრეფილი აქვს იმჟამინდელი სამთავრობო თუ შევარდნაძის მომხრეთა წერილებიდან, ინტერვიუებიდან და გავრცელებული ამბებიდან, წყაროებიც აქვს მითითებული, მაგრამ ერთი ფრაზაც კი არ აქვს გამოყენებული შევარდნაძის მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან, იგი ეყრდნობა მხოლოდ ერთ მხარეს და თითქოს ასე ამყარებს თავის მსჯელობას, მაგრამ სინამდვილეში, ისტორიას აყალბებს. ეს კიდევ არაფერი, პროფესორი შემდეგ იმას გვიმტკიცებს, აფხაზებმა რუსებსა და ქართველებს შორის მიღწეული შეთანხმება დაარღვიეს და გაგრა აიღეს, შემდეგ კი სოხუმიცო. ეს იმას გულისხმობს, რუსებმა ე. წ. განიარაღება რომ შესთავაზეს შევარდნაძეს, ტექნიკა რომ გამოაყვანინეს და იგივე რუსებმა ეგრევე რომ დაგვცხეს. ეს კიდევ ამბობს, აფხაზებმა რუსებს არ დაუჯერესო, ურჩობა გაუწიესო. ისე, ერთ მონაკვეთზე გრიგორი სუნს ტაში უნდა დავუკრა - მეგონა, ერთ ფაქტსაც დამალავდა, მაგრამ არ, ან ვერ დამალა, იგი გულახდილად გვიმხელს, როცა გამსახურდიას მომხრეებმა იმძლავრეს და შევარდნაძეს გაუჭირდა, იძულებული გახდა, რუსული ჯარი შემოეყვანა და დსთ-ში შესვლაზეც თანხმობა ეთქვაო. თუმცა შემდეგ სუნი ისეთ რამეს ამბობს, აქ უკვე ტაშს ვეღარ დავუკრავ, პირიქით, უნდა გავუბრაზდე. საკუთარი თვალით ნახეთ: „1993 წლის ბოლოს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ დაბაში მტრის ძალებით გარშემორტყმულმა გამსახურდიამ თავი მოიკლა, ან ერთმანეთთან დაპირისპირებულმა მისმა მიმდევრებმა მოკლეს“. 
კი, ბატონო, კი იყო მტრის ძალებით გარშემორტყმული ზვიად გამსახურდია, მაგრამ ან თავი მოიკლა, ან კიდევ ისევ თავისიანებმა მოკლესო. რომელი მტრის ძალებით იყო გარშემორტყმული? ყველამ ვიცით, შევარდნაძის მიერ გაგზავნილი არაკაცებით, მაგრამ მათ არ მოუკლავთ, შევარდნაძე არაფერ შუაშია. ვააა, ეგეთი სიბრმავე და უნამუსობა გაგიგიათ? მე არა. 
იცით, თურმე რამ გამოიწვია საქართველოში სამოქალაქო ომი? იმან, რომ ნაციონალისტურმა (ასე უწოდებს ეროვნულ მოძრაობას) ძალებმა საერთო ენა ვერ გამონახეს კომუნისტებთან და კონფლიქტის წყაროდ ეთნიკური მრავალფეროვნება იქცა. რა გამოდის? ნაციონალისტებს ეთნიკური უმცირესობების გაძევება უნდოდათ საქართველოდან და ამის გამო დაამხეს გამსახურდიას ხელისუფლება? დიახ, სწორედაც რომ ასეაო, გვიმტკიცებს პროფესორი და თავის წიგნში კიდევ იმდენი რამე რჩება სადავოდ, ამას ერთი ადამიანი ვერ მოერევა. როგორც ზემოთ გითხარით, ამის შემდეგ კიდევ ერთს დავწერ და ამით მოვრჩები, არ მინდა, ისე დავასრულო, იოსებ სტალინის შესახებ მისტერ სუნის შეხედულებები არ გაგაცნოთ. 

გელა ზედელაშვილი 

დასასრული იქნება