სპეცოპერაცია სახელად „მკვდარი ეპშტეინი“
ეპშტეინზე (ეპსტინი) არაფრის თქმა და დაწერა არ მინდა, რადგან, რაც გამოქვეყნდა და ითქვა, პირადად ჩემთვის გასაოცარი სიახლე სრულებით არ გახლავთ. ეპშტეინის ნაცვლად, რა ერქმეოდა და ვინ იქნებოდნენ მოქმედი პირები, ე.წ. დასავლური ელიტა, მონარქები, პრეზიდენტები, პრემიერები თუ პლებეები, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მათივე ფილმებიდან და ცალკეული გამოვლინებებიდან აშკარა იყო, რომ ასეთი რამ ნამდვილად ხდებოდა _ სცენარისტი თავად იყო მონაწილე, რეჟისორი, ფილმის გმირი თუ ყველა ერთად, ეშმაკმა უწყის.
შონ ჯონ კომბსი, იგივე პაფ დედი აღარ არის „მოდაში“, მისმა სტუმრებმა დიდად ვერ გაქაჩეს და მიივიწყეს, მის მოკვლაზეც კი არ შეიწუხეს თავი. აი, ეპშტეინი კი ძალიან ხათაბალა მოწმე და „არქივარიუსი“ გამოდგა! რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, თუ მართლა ორმაგი აგენტი იყო, ისრაელისა და რუსეთისა.
ბალთაზარ კოსა გამახსენდა, პაპი იოანე XXIII. მას რას ერჩოდნენ, ანტიპაპად რომ გამოცხადეს, მეკობრეების ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი ისე იქცეოდა, როგორც იცოდა და პაპი გახდა. აი, ეს დასავლური ე. წ. ელიტა რითიც ერთობოდა, რასაც ეს გარყვნილი ავადმყოფი საზიზღრები სჩადიოდნენ, იმას მაინც არ აკეთებდა...
ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნება (ან მათი ნაწილობრივი გამოქვეყნება) შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული ან გამოყენებული იქნას კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციისთვის, ხოლო სხვა სახელები ან მტკიცებულებები დამალულია და კიდევ დიდხანს დარჩეს დაფარული.
DOJ-ის ოფიციალური განცხადებებით და მედიის ანალიზით, გამოქვეყნებულია ფაილების უზარმაზარი რაოდენობა, რაც შეუძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა ნახოს. DOჟ-მა თავად განმარტა, რომ თავი შეიკავეს იმ მასალების გასაჯაროებისგან, რომლებიც შეიცავს:
ბავშვთა სექსუალური შევიწროების მასალას;
მსხვერპლთა იდენტიფიკაციას (სახელები, სამედიცინო ფაილები);
სხვა მგრძნობიარე კონტენტს (მაგ., სიკვდილის ან ძალადობის სურათები).
ანუ მტკიცებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საშინელებები ხდებოდა, მაგრამ აშშ-ის კანონი კრძალავს მათ გამოქვეყნებას და ის, რაც გამოაქვეყნეს (ნახევარი) არასრულია.
ილონ მასკმა განაცხადა, რომ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ეპშტეინის საქმის მასალების გასაჯაროებაში და აღნიშნა, რომ ეპშტეინი დაბლოკა მას შემდეგ, რაც მან ის თავის კუნძულზე მიიწვია. მასკმა ადრეც განაცხადა, რომ ეპშტეინმა არაერთხელ მიიწვია იგი კუნძულზე, მაგრამ მან მიპატიჟება არ მიიღო. ნეტავ, რატომ, ამბად ჰქონდა გაგონილი, რაც მის მიპატიჟებებზე ხდებოდა? თვალები „ფართოდ ჰქონდა დახუჭული“?
ტრამპი აცხადებს, რომ საერთოდ არ ყოფილა ეპშტეინის კუნძულზე და უჩივლებს ყველას ამ ფეიკისთვის, სადაც ის ხელოვნური ინტელექტოს გამოყენებით ჩააკვეტეს და ექსპერტიზებს ითხოვს!
გამოქვეყნებული ფაილებიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ ტრამპი კოკაინის მომხმარებლად რომ აქციონ, ამის შანსი ნულია _ ეს ეპშტეინის წერილობითი პასუხია მისნაირთანვე მინაწერიდან.
კარგი, ეპშტეინის შემოქმედების ავტორი მოსადია!
რა დომხალია, თუ ატყობთ!
ეპშტეინის ფაილების ახლა გადმოფრქვევა ნიშნავს ტრამპის გაფუჭებას!
ამ დროს ტრამპი ამაგრებს და გვერდით უდგას ისრაელს!
თუ არ იქნება ამერიკა ისრაელთან, როგორც სახელმწიფო, არ იქნება არც ისრაელი _ ეს დაუწერელი ამბავია!
ჰოდა, ისრაელი და მოსადი: რა ხდება?
ეპშტეინის მეგასკანდალზე საინტერესო მოსაზრებებს აქვეყნებს დევნის გამო რუსეთიდან ბრიტანეთში გადახვეწილი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი).
ის ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, საუკეთესო გზა იმის გასაგებად, თუ რა არის ეს და რაში შეიძლება გადაიზარდოს, არის რასპუტინის სკანდალის გახსენება ცარიზმის პერიოდის ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორ სკანდალს ბევრი რამ აქვს საერთო.
აკუნინი ამტკიცებს, რომ „Эпштейнщина“ არის „რასპუტინიზმი“, ანუ ძველი სკანდალი, რომელიც ახალ გარემოებებში უნივერსალურ პროპორციებამდე გაიზარდა.
მწერალი წერს, რომ 1916 წელს იყო უხამსი კაცი, რომელიც რუსეთის იმპერიის სამეფო ოჯახს მიეჯაჭვა. ახლა კი არსებობს უხამსი მაღალი საზოგადოების მანიპულატორი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ელიტას მიეჯაჭვა. არცერთ შემთხვევაში არ არის ინდივიდი „აღსანიშნავი“, მაგრამ მისი ქმედებების შედეგები აშკარად აღსანიშნავია.
გრიშა რასპუტინს არ ჩაუდენია ყველაფერი, რაშიც მას ბრალი ედებოდა და შესაძლოა, არც ეპშტეინმა ჩაიდინა ყველაფერი. თუმცა, პირველ შემთხვევაში, ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ რასპუტინმა რუსეთის იმპერიულ ელიტაში შეღწევა იმიტომ მოახერხა, რომ ის ძალიან კორუმპირებული იყო; მეორე შემთხვევაში კი, მსგავსი რამ ხდება და ელიტები შეშინებულები არიან.
„ეპშტეინი დიდი ხანია წავიდა, მისი ბინძური კვალი უკვე ბალახითაა დაფარული - და უცებ ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი“, _ ამბობს აკუნინი.
სკანდალის განახლება ტრამპის პოლიტიკურ ოპონენტებზეა ორიენტირებული, რადგან აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბევრ მხარდამჭერს სრულად ესმის ტრამპის „მორალური ხასიათი“ და ეს არ ადარდებს.
აკუნინი განაგრძობს: „მაგრამ მოწინააღმდეგე ბანაკის პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს, რომლებიც ასევე ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ, რაღაც აქვთ დასაკარგი და ისინი კარგავენ.“
მართლაც, დასავლურ საზოგადოებებში ბევრს ნაკლებად აინტერესებს ტრამპი, ვიდრე “საზოგადოების პატივსაცემი საყრდენების“ მორალური კოლაფსი.
ეპშტეინის ფაილების საფუძველზე ასეთმა ადამიანებმა დაასკვნეს: „რა ამაზრზენები ხართ ყველანი!“
არსებული ელიტები დისკრედიტირებული არიან და ეს, ცხადია, შემთხვევითი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ელიტები ნამდვილად დამღლელია, ბევრ ადამიანს იმედები გააცრუეს და ნამდვილად სურთ მათი გაქრობა.
აკუნინი ამბობს, რომ, მისი აზრით, ეპშტეინის საქმე დიდი ცვლილებების მიმანიშნებელია იმ ქვეყნებში, რომლებსაც „დემოკრატიულს“ უწოდებენ.
აკუნინი ასკვნის: „ჩვენ კიდევ ერთ 1916 წელს გავდივართ“ და რომ „წინ გველოდება არეულობა, მსოფლიო რუკის გადახაზვა, ელიტების შეცვლა, ურთიერთობების განსხვავებული ნორმები „ზემოთ“ და „ქვემოთ“ მყოფთათვის, ძველი ალიანსების კოლაფსი და ახლის გაჩენა.“
„ათ ან თუნდაც ხუთ წელიწადში სამყარო სრულიად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც ახლაა, რაც როგორც შემაშფოთებელი, ასევე საინტერესო პერქსპექტივაა“, – ამბობს აკუნინი.
ფოტოდან ეპშტეინმა და ლამაზმა ახალგაზრდა ქალმა რომ შემომცინეს, დავინტერესდი, ეს მსხვერპლი ვინღაა-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ეს გოგო სულაც არ ყოფილა მსხვერპლი. ქართული ფესვების მქონე ლამაზმანი, ელენა ქანთარია, გამოქვეყნებული ფაილების მიხედვით, რუსეთში მოღვაწე მოდელი, თურმე ჯეფრი ეპშტეინთან რეგულარულ და საკმაოდ ნდობით აღსავსე ურთიერთობაში იმყოფებოდა. მათი მიმოწერა 2017-2019 წლებს მოიცავს და ცხადყოფს, რომ მილიარდერი მოდელს პირადი საკითხების მოგვარებაშიც ეხმარებოდა.
ეპშტეინის დაკავებისა და მალევე, აგვისტოში, მისი იდუმალი თვითმკვლელობის შემდეგ, ელენა ქანთარია საჯარო სივრციდან პრაქტიკულად გაქრა. ფაილებიდან არ ჩანს, რომ მას რაიმე კავშირი აქვს ეპშტეინის „ელიტური წრის“ სატანისტურ და მანიაკურ „გართობებთან“, მაგრამ ის მაინც „აორთქლდა“. მისი სახელი აღარ ფიგურირებდა მოდურ ჩვენებებზე და მკაცრად შეზღუდა წვდომა თავის სოციალურ ქსელებზე.
ბოლო მონაცემებით, ელენა ქანთარიამ სამოდელო კარიერა დაასრულა. ის აღარ ჩნდება პრიალა ჟურნალების გარეკანებზე. სოციალურ ქსელებში მისი იდენტიფიცირება რთულია, რადგან ის, სავარაუდოდ, დახურული ცხოვრების წესს ეწევა და ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს იმ სკანდალური წარსულისგან, რომელმაც მისი სახელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი კრიმინალის გვერდით დააყენა.
კარგი, ბატონო, მაგრამ ორიოდე შეკითხვა ხომ გაუჩნდება ადამიანს?
საკუთარ თავზე რომ ავიღოთ: ვის რა მივწერე და რა მიპასუხა, რატომ უნდა შევინახო?
რატომ უნდა გადავიღო ის, რაც დანაშაულის წყალგაუვალი მტკიცებულებაა და შევინახო, მით უმეტეს, რომ საშინელებაა?
ორი ვარიანტია: ამ მტკიცებულება-დოკუმენტებს ან სარფიანად ვყიდი, ან დოკუმენტების მოქმედ პირებს ვაშანტაჟებ პირადი კეთილდღეობის განუწყვეტლად მიღებისთვის.
ეპშტეინის ორმაგი აგენტობის კონტექსტში, მოსადის პარალელურად რუსეთი სახელდება. თავისთავად, პირველი ფიქრი პუტინისკენ გაგექცევა. იგი 1977 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვაში. 1985-1990 წლებში მუშაობდა სსრკ-ის საგარეო დაზვერვის რეზიდენტურაში. მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ დრეზდენში, როგორც სსრკ-გდრ-ის მეგობრობის სახლის დირექტორი. გდრ-ისა და სსრკ-ის „მეგობრობის სახლი“ როგორი წარმოსადგენია? ხომ ცხადია, რომ აღნიშნული „სახლის“ მიღმა, სსრკ-ის უშიშროების სამსახური იდგა თავის დაზვერვა-კონტრდაზვერვიანად?
საინტერესოა, რატომ იყო დაინტერესებული ეპშტეინი ადოლფ ჰიტლერით, რას ეძებდა გერმანულ არქივებში, ან რომელ წლებში ეძებდა იმას, რასაც ეძებდა და გზად საბჭოთა „კგბ“-ს ხომ არ გადაეყარა? ფაქტი ის არის, რომ გულს შემოეყარა, როდესაც საარქივო მასალებში აღმოაჩინა ამბავი _ 1908 წელს ჰიტლერს მოუნახულებია უსახლკაროთა თავშესაფარი, რომელსაც ეპშტეინების ოჯახი მფარველობდა.
ისეთი ამოუხსნელი დომხალია, რომ ყველაფერს იფიქრებს ადამიანი!
მაგალითად, მხოლოდ პირადად ეპშტეინს კი არა, აორთქლებულ რუს-ქართველა მოდელ ელენა ქანთარიასაც შეეძლო, ეპშტეინის გვერდის ავლით რუსეთის დაზვერვისთვის მიეყიდა ისეთი ფაილები, რომელთა დუბლიკატები არ იარსებებდა და ამის გამო ტრამპს უპირობოდ შეყვარებოდა პუტინი. რატომ არა და ვერა?
ფაქტად ის დარჩა, რომ სპეცოპერაცია სახელად „მკვდარი ეპშტეინი“ ჩატარდასავით, ოღონდ, სანახევროდ, დამნაშავე კი მხოლოდ ეპშტეინი ყოფილა, რომელმაც ციხეში საეჭვო თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...
მაია ჭელიძე

