ლენინის ორდენი ამერიკელ ჯარისკაცს

ლენინის ორდენი  ამერიკელ ჯარისკაცს

გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ ჭკუა ამებნა და ლენინის ორდენზე ბოდვა დავიწყე. ვინაიდან, ცალკეულმა პირებმა ცალკეულ შემთხვევებზე პასუხის არიდების მიზნით, თავისგასამართლებლად მოიგონეს ფრაზები: „მაგ დროს მე დაბადებული არ ვიყავი, არ ვიცი“, „მაგ დროს მე პატარა ვიყავი, არ ვიცი“ და ა.შ. ყველა უნდა „გავანათლო“ და შევამზადო იმისთვის, რაც უნდა ვთქვა.
ლენინის ორდენი, უმაღლესი ჯილდო სსრკ-ში დააწესა სსრკ-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა 1930 წლის 6 აპრილს. ლენინის ორდენით სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აჯილდოებდა სსრკ-ის ცალკეულ მოქალაქეებს, კოლექტივებს, დაწესებულებებს და ა.შ. განსაკუთრებული დამსახურებისთვის. 1953 წლამდე ლენინის ორდენი დამზადებული იყო ოქროსგან, ხოლო შუაგულში ლენინის გამოსახულება _ პლატინისგან და ატარებდნენ მკერდზე, მარცხენა მხარეს, მათ შორის პაპაჩემი. 
ჰოდა, ახლა გინდ დაიჯერეთ, გინდ _ არა, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ვლადიმირ პუტინმა ლენინის ორდენი გადასცა და სთხოვა, რომ ეს ჯილდო გადაეცა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ციფრული ინოვაციების დირექტორის მოადგილის, ჯულიანა გალინასთვის მისი ვაჟის ხსოვნის უკვდავსაყოფად!
არ ვხუმრობ, _ ვლადიმირ პუტინმა ლენინის ორდენით დააჯილდოვა მისი 21 წლის ვაჟი, რომელიც 2024 წელს რუსეთის არმიის რიგებში ბრძოლის დროს უკრაინაში დაიღუპა! _ ინფორმაცია გაავრცელა „სი-ბი-ეს-მა“.
აღსანიშნავია, რომ 1991 წლის დეკემბრის შემდეგ, აღარავინ დაუჯილდოვებიათ ლენინის ორდენიღ. უკანასკნელი დაჯილდოებული ნოვოსიბირსკელი იაკობ მული იყო, რომელიც მიხაილ გორბაჩოვმა დააჯილდოვა.
„ცრუ-ში“ ადრევე განაცხადეს, რომ მაიკლ გლოსის სიკვდილი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, არ შეიცავს კითხვის ნიშნებს ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. „სი-ბი-ეს-ის“ ინფორმაციის წყარო აღნიშნავს, რომ მისი „დავერბოვკების“ არანაირი ნიშანი არ არის, ხოლო კრემლში წარმოდგენა არ ჰქონდათ მისი ნათესაური კავშირების შესახებ მონაცემები მისი ცხედრის რეპატრიაციის დროს.
აპრილის ბოლოს, „ენ-ბი-სიმ“ და „ვაშინგტონ პოსტმა“ განაცხადეს, რომ თავიანთი წყაროების სპეცსამსახურებიდან აქვთ ინფორმაცია, 21 წლის მაიკლ გლოსის გარდაცვალების შესახებ საომარი მოქმედებების დროს უკრაინაში. „ცრუ-ს“ განცხადებით, მაიკლ გლოსის დაღუპვა იყო პირადი ტრაგედია და დააზუსტეს, რომ ეს არის ოჯახის პირადი ტრაგედია და არა აშშ-ის ნაციონალური უშიშროების განსახილველი საკითხი, მაგრამ არ დაუზუსტებიათ, რომელ მხარეს იბრძოდა იგი. „ენ-ბი-სის“ განცხადებით, ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ ნეკროლოგში საუბარია მხოლოდ მაიკლის აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობის დროს გარდაცვალებაზე. 
გარდაცვლილის მამა, ლარი გლოსმა „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა, რომ საკონსულოს მონაცემებით, მისი ვაჟი ომობდა რუსეთის მხარეს და დაიღუპა 2024 წლის 4 აპრილს, დონეცკის ტერიტორიაზე იმ მომენტში, როდესაც ცდილობდა ბრძოლის ველიდან მეგობრის გამოყვანას და გარდაიცვალა სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვით. მამამ აღნიშნა, რომ მის ვაჟს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ბოლო წლებში წამლებს აღარ იღებდა. 
მაიკლ გლოსი 2023 წელს მოგზაურობდა იტალიასა და თურქეთში, საიდანაც გადავიდა საქართველოში და იქიდან რუსეთში და 2023 წლის სექტემბერში, ისე რომ ოჯახმა არაფერი იცოდა, ჩაეწერა რუსეთის არმიის რიგებში. „ვაშიგტონ პოსტის“ დაუზუსტებელი ინფორმაციით, მის აიფონში აღმოჩნდა ცანაწერები, როდესაც ის სწავლებას გადის მოსკოვის შემოგარენის სასწავლო ცენტრში. ის ბრძოლაში ჩაერთო 2023 წლის დეკემბერში და სოცქსელებში აქვეყნებდა კადრებს რუსეთიდან და გამოდიოდა რუსეთის მხარდამჭერად 
ლენინის ორდენი არის ჯილდო, რომლითაც აჯილდოებენ განსაკუთრებული დამსახურებისთვის უცხოეთის მოქალაქეებსაც. აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს დიდად არ ესიამოვნებოდა ამ ამბის გაცხადება, მავრამ მაინც, მე ვერაფერი „განსაკუთრებული დამსახურება“ ვერ დავინახე მაიკლ გლოსის შემთხვევაში და, თქვენი არ ვიცი...
ისე კი, თუ ვინმე რუსეთის მხარეს იბრძვის „დაშტვენილი“ რატომ არის და მოწინააღმდეე მხარეს „გმირი“, არც ეს მესმის...