ბრიყვები ილიაუნიდან

ბრიყვები ილიაუნიდან

ხალხო, ვზივარ და ვიცინი, ვხარხარებ, არადა, წესით, თვალთაგან ცრემლი უნდა მდიოდეს. მოგიყვებით, რაც მჭირს და, ალბათ, თქვენც ასე დაგემართებათ, - ჯერ იცინებთ, მერე იტირებთ. ამ დღეებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხომ გამოაცხადა, ილიაუნში ფაკულტეტების რაოდენობა შემცირდება, მხოლოდ პედაგოგიური სპეციალობები დარჩებაო, ჰოდა, ახტნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, გაგიჟდნენ, ვისაც კიკინები აქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი, გაიშალა და დაიწყეს პროტესტი. პროტესტი რა, გამოვლენ საათ-ნახევრით ილიაუნის შენობის წინ, ჩამოდგებიან კიბეზე, გაშლიან ჩიქორთული ქართულით დაწერილ ბანერებს, იჯღნავლებენ, გულის ფიცრებზე მჯიღებს წაიშენენ, არიქა, განათლება იღუპება, საგანმანათლებლო სისტემა ხელიდან გვეცლებაო და დაიშლებიან. იცით, კიდევ რა გააკეთეს? იმ ფაკულტეტების სია გამოაქვეყნეს, რომელთა გაუქმებასაც თურმე ხელისუფლება აპირებს. იმდენი ჭკუაც არ ეყოთ, რომ ეს სამარცხვინო სია ხალხისთვის არ ეჩვენებინათ და ქვეყნის მასხარები არ გამხდარიყვნენ. არა, ეგენი მასხარები ისედაც იყვნენ, მაგრამ ყველამ ბოლომდე მაინც არ იცოდა, რა უბედურება ტრიალებდა ილიას სახელობის უნივერსიტეტში. „უნივერსიტეტი“ ქაღალდზე უწერიათ, თორემ ეს ნუცას სკოლაც არ ყოფილა. მოდი, ვნახოთ პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრის, სიმონ ჯანაშიას მიერ გამოქვეყნებული სია და შემდეგ ვიმსჯელოთ განათლებაზე, რომელიც თურმე იღუპება, რომელსაც თურმე კობახიძე ღუპავს.
სიმონ ჯანაშიამ თქვა, ნგრევის მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ - ილიას უნივერსიტეტში ქ.ოცნება აუქმებს შემდეგ პროგრამებს. ეს არის უზარმაზარი შრომა, სიმდიდრე, რომელიც ასობით ადამიანმა, ათობით ორგანიზაციამ შექმნა და ისეთი ჩამონათვალი გამოფინეს, გვერდს ვერ აუვლი გაცინების გარეშე _ სრული ჩამონათვალი იმდენგან გამოქვეყნდა, აღარ გავიმეორებ, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ მეგობრებო, თურმე ის ჩამონათვალი ყოფილა ჩვენი სიმდიდრე, უზარმაზარი შრომა, რომელიც ასობით ადამიანმა და ათობით ორგანიზაციამ შექმნა.
ანგლისტიკა როგორ მოგწონთ? ან გამოყენებითი გერმანისტიკა როგორ მოგწონთ? ალბათ, საფრანგეთისმცოდნეობამ მოგხიბლათ... არა, მე პირადად, როგორც ცნობილი რუსეთუმე, რუსისტიკამ გამიტაცა. კიდევ კარგი, ოკუპანტისტიკა არ დაარქვეს. თუმცა, მე რომ უახლოეს წლებში აბიტურიენტი ვყოფილიყავი, გამოცდებს მცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარებდი. ალბათ, ამ ფაკულტეტზე დიდი კონკურსი იქნებოდა, მაგრამ მეორედ ვცდიდი, მესამედ, მეხუთედ, მეათედ და ასე შემდეგ. იყო ჩემ დროს ეგეთებიც, ზოგი მეცხრედ და მეათედ აბარებდა უნივერსიტეტში, ზოგი ძლივს ხვდებოდა, ზოგი საერთოდ ვერ ხვდებოდა. როცა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე საბუთები შევიტანე, სხვა შემტანებიც ხომ გავიცანი, ყველა მხოლოდ იმით იყო დაინტერესებული, ვინ მერამდენედ აბარებდა. აღმოჩნდა, რომ აბიტურიენტების დიდი ნაწილი პირველად არ გადიოდა გამოცდებზე, არც თუ იშვიათად იყვნენ ისეთები, მეცხრედ და მეათედ რომ აბარებდნენ. შემეშინდა, დავფრთხი, ფერი წამივიდა, ვიფიქრე, ესენი უკვე „პრაფესორები“ იქნებიან, მე რა უნდა გავაწყო-მეთქი? პირველივე გამოცდის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ასეთები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერასდროს ჩაირიცხებოდნენ. ადამიანს, რომელსაც ჟურნალისტობა უნდა და ამ დროს არ იცის, ავღანეთის დედაქალაქი რომელია, ან კიდევ ლეონარდო და ვინჩი ძმები ჰგონია, იმან უნივერსიტეტში არ უნდა ისწავლოს და მით უფრო, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სამწუხაროდ, თავხედი გამოშტერებულები ადრეც იყვნენ და ახლაც არიან, მაგრამ თუ მაშინ ეს „ტვირთი“ ე. წ. აბიტურიენტების კისერზე გადადიოდა, ახლა პროფესორ-მასწავლებლებზეც გადადის. როგორ ფიქრობთ, წოდებით პროფესორი, რომელსაც ამ სიაში ჩამოთვლილი ფაკულტეტები თუ მიმართულებები სიმდიდრე ჰგონია, ნორმალურია? არ არის ნორმალური და ამიტომაც არის ჩვენი განათლების სისტემა, თითქმის ყველა უნივერსიტეტი დასაშლელი და ხელახლა ასაწყობი. რამდენიმე სასაცილო ფაკულტეტს კიდევ შევეხები, მაგალითად, ცოცხალი თეატრის ხელოვნება. აქამდე მეგონა, რომ თეატრი ცოცხალი იყო, მკვდარი თეატრი არ გამიგია. თუ აქ ძველი, ისტორიას ჩაბარებული თეატრების ხელოვნება იგულისხმება, მაშინ უნდა დაეკონკრეტებინათ და ასე დაესათაურებინათ - „თეატრალური ხელოვნების ისტორია“. ადრე იყო ასეთი საგანი და ასწავლიდნენ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტებზე. ევროპისმცოდნეობაც მაგარია... სხვათა შორის, ეგ ფაკულტეტი აკაცუკ ანი წითლიძეს აქვს დამთავრებული, მაგრამ სად, რომელ უნივერსიტეტში, არ უწერია.
მოკლედ, ილიაუნური აბრაკადაბრის განხილვას აღარ განვაგრძობ, ამ სიაში იმდენ სასაცილოს ნახავთ, კარგად იმხიარულებთ. თუმცა შეიძლება, პერიოდულად „წამოგეტიროთ“ კიდეც, ასეთ მძიმე სურათს ვერ გაუძლებთ. ისე, სიმონ ჯანაშია იმასაც წერს, ეს ჩამონათვალი არასრულია, უახლოეს ხანში განახებთ, კიდევ რის გაუქმებას აპირებენო. როგორც ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე აცხადებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ილიას უნივერსიტეტის 97-98% ფაქტობრივად, დაშალეს, დაანგრიეს. რა გამოდის? ფაკულტეტების 98% გასაუქმებელია? თუ ამ ჩამონათვალის მიხედვით განვსჯით, რა თქმა უნდა, გასაუქმებელია.
თურმე ილიაუნის სტუდენტები მზად არიან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და განათლები მინისტრთან საჯარო დისკუსიისთვის _ მობრძანდეს ირაკლი კობახიძე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, ოღონდ პირდაპირ ეთერში. ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ ირაკლი კობახიძესთან. მზად ვართ, დავუჯდეთ ე. წ. განათლების მინისტრს. ჩვენ ძალიან ბევრი მწვავე კითხვა გვაქვს, რომელზეც არც ერთს არ ექნება პასუხებიო.
ჯერ ამბობენ, ე. წ. განათლების მინისტრი მოვიდესო, მერე ამტკიცებენ, არც კობახიძეს და არც მიქანაძეს ჩვენს შეკითხვებზე პასუხები არ ექნებათო. თუ ე. წ. მინისტრია და პასუხები არც ერთს არ ექნება, მაშინ რიღასთვის უნდა მივიდნენ? რა აზრი აქვს? ილიას უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან დარახველიძე ამბობს, 2025 წელს 5 ათასამდე ახალი სტუდენტი მივიღეთ, მათ შორის ქართული ენის მომზადების მიმართულებითო, ამჟამინდელი გადაწყვეტილებით კი დაგვიმტკიცდა მხოლოდ 360 ადგილიო. მოულოდნელად შეგვატყობინეს, უცხო ენების ინსტიტუტს უერთდებით, უნივერსიტეტს სახელი გადაერქმევაო. წარმოგიდგენიათ? ესენი ყოველწლიურად 5 ათას ახალგაზრდას იღებდნენ, სულ დაახლოებით 20-25 ათას ახალგაზრდას ტვინს ულაყებდნენ 4-5 წლის განმავლობაში, ხომ? დაახლოებით ასე გამოდის. მარტო საგნები და ფაკულტეტები? საერთოდ შესასწავლია ამ ე. წ. უნივერსიტეტის ფინანსები, გარედანაც კი აშკარად ჩანს, რომ იქ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. 
ვინ არიან ილიაუნის ლექტორები? ყველა „ნაცია“ - გია ნოდია, ლევან ბერძენიშვილი, გია ბუღაძე, ლევან თარხნიშვილი, გიგი თევზაძე, ნოდარ ლადარია, ემზარ ჯგერენაია, გიორგი გვახარია, დავით დარჩიაშვილი, სერგო რატიანი, დავით პაიჭაძე, ლაშა ბაქრაძე. ეს „ცნობადები“ ჩამოგითვალეთ, თორემ იქ იმდენი „ნაცია“ ჩაბუდებული, მათ ჩამოთვლას მთელი გაზეთი არ ეყოფა. ყველა იდიოტს თავისი გამოგონილი ფაკულტეტი აქვს გახსნილი - რუსისტიკა, სლავისტიკა, გერმანისტიკა, ფრანგისტიკა, კამბოჯისტიკა, ევროპისტიკა და ასე შემდეგ. ისე, ამ შემთხვევაშიც ატყუებენ ე. წ. პროფესორები თავიანთ ე. წ. სტუდენტებს, ჩასჩიჩინებენ, ილიაუნი იხურებაო. არ იხურება, ხარახურა ფაკუტეტები თუ მიმართულებები უქმდება და შესაძლოა, სახელი შეეცვალოს. კეთდება ის, რაც სასწრაფო წესით არის გასაკეთებელი.

დებატები „იმედზე“, 
ანუ სირცხვილი 
და თავის მოჭრა
14 თებერვალს ტელე-„იმედზე“ შედგა დებატები, სადაც მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრი სიმონ ჯანაშია, ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, პროფესორი ლევან გორდეზიანი, „ერაზმუსის“ ოფისის ყოფილი დირექტორი ლიკა ღლონტი (ერაზმუსი არის ევროკავშირის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, რომელიც შეიქმნა 1987 წელს). 
რომ გითხრათ, ასეთ სამარცხვინო რამეს არ ველოდი-მეთქი, მოგატყუებთ. ველოდი და ბარე მეტსაც ველოდი, მაგრამ რაც ვნახე, ამან კიდევ ერთხელ განმიმტკიცა აზრი, რომ უნივერსიტეტებში შესაცვლელია არა მხოლოდ სტრუქტურები, საგნები და ფაკულტეტები თუ მიმართულებები, არამედ გასაწმენდ-გასაცხრილია ე. წ. პროფესურა. რა დონეზეც ესენი აზროვნებენ, რა გაგებაც ამათ აქვთ და რასაც ესენი ცდილობენ, ეს არის ქართული განათლების კრახი.
პროფესორი ხარ, პედაგოგი თუ ექსპერტი, როდესაც ხალხის საყურებელ ორგანიზაციაში ვინმესთან საკამათოდ მიდიხარ, მოემზადე, გაიკითხ-გამოიკითხე, მიიხედ-მოიხედე, ცოტა გათვითცნობიერდი, ხომ იცი, დაგსვამენ და დანა-ჩანგლით სირცხვილს გაჭმევენ? თუმცა, როდის იყო, თვითკმაყოფილი ბრიყვები რამე საკითხზე წინასწარ ემზადებოდნენ? რომ მოემზადო, უნდა შეგეძლოს!
როდესაც ცრუობ და ცდილობ, ამ ქვეყანას საშენოდ რაღაცა ჩამოათალო, როდესაც ელემენტარული არგუმენტიც არ გაგაჩნია და ამბობ, უცხოპლანეტელებთან საუბრის სპეციალისტები გვჭირდებაო, ვალდებული ხარ, ქუდი დაიხურო და სახლში „დაახვიო“.
პატივცემულო მთავრობავ, საგნებისა და ფაკულტეტების შეცვლით არაფერი გამოვა, საჭიროა პროფესორ-მასწავლებლების გადახალისება, ანუ ნორმალური კადრების შერჩევა. რა დააშავა ჩვენმა ძვირფასმა განათლებამ, რომ ამათ ხელში ჩავაგდეთ? ამათ ერთი-ორი თაობა უკვე დაასახიჩრეს, კიდევ უნდა მივუგდოთ საჯიჯგნად დანარჩენი თაობები?
ახლა სიტყვა-სიტყვით რომ გავყვე, რაც ამათ იბჟუტურეს, რა პოზიციაც ამათ დაიკავეს და იმსჯელეს, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. რასაკვირველია, ჩვენ გვყვანან ჭკვიანი პროფესორები, მაგრამ არიან ისეთებიც, ცხოვრებაში ერთი სამეცნიერო სტატიაც რომ არ გამოუქვეყნებიათ. აღარაფერს ვამბობ მართლწერასა და სასვენი ნიშნების ცოდნაზე. 
მეგობრებო, განათლების რეფორმა ისეთი თემაა, რომ კიდევ უამრავი გადაცემა თუ სტატია უნდა მომზადდეს, _ საუბარი ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენაზეა.

გელა ზედელაშვილი