ეს იყო პროკურორი?
სააკაშვილს დროის პროკურორს, მაია მწარიაშვილს “ადუკანტობა” დაუწყია და ტუსაღ მზია ამაღლობელს დამცველად დასდგომია. გინდათ, ნახოთ “გაპრავების” უნიკალური ნიმუში? ახლავე განახებთ და თან შეგახსენებთ, მისი ავტორი გახლავთ მაია მწარიაშვილი:
“განმარტებითი ლექსიკონით, გაშლილი ხელის გარტყმა არის - ალიყური, სილა, ლაწანი, შემოლაწუნება, გალაწუნება, სილაქი, ტყლაშანი, თხლაშანი. ეს არის სილა და რაც არ უნდა იძახოთ, ხელი გაარტყა, ვერ შეცვლით ქმედების სიმძიმეს, სულ რომ ტერორისტული აქტი დაარქვათ”.
მწარიაშვილმა მოსამართლე თან დაამუნათა კიდევაც, არნოლდ ჩიქობავა ავტორიტეტია თქვენთვისო?
რატომ მხოლოდ არნოლდ ჩიქობავა? მწარიაშვილს თამაზ გამყრელიძე, დავით გეწაძე, თეიმურაზ გვანცელაძე, ისიდორე გვარჯალაძე. ბაქარ გიგინეიშვილი, ივანე გიგინეიშვილი, ჯემშიდ გიუნაშვილი, გიორგი გოგოლაშვილი, სერგი გორგაძე, ლილი გოქსაძე, დავით გოცირიძე, ტოგო გუდავა, გუჩა კვარაცხელია და აკაკი შანიძეც რომ დაემოწმებინა, ტუსაღს უფრო ეფექტურად არ გამოიხსნიდა? ესე იგი, მაია მწარიაშვილი ცდილობს, ენათმეცნიერება შეურიოს იურისპრუდენციაში და გამოიყვანოს სოციალური გოგლი-მოგლი, ხომ? წარმომიდგენია, როგორ მოიფშვნეტდა ხელებს, როცა განმარტებით ლექსიკონში ნახავდა, რომ თურმე სილის გაწვნა ყოფილა თხლაშანი და იგი ვერ გამოიწვევდა ტკივილს. მაია მწარიაშვილმა, როგორც ჩანს, ენათმეცნიერებაში ყველაფერი არ იცის, ის, რომ ამ სფეროში სიღრმისეულად იყოს ჩახედული, მიხვდებოდა, რომ ლევა, წევა, მტვრევა და ღრენაც მაგ “პონტში” გადის და ვერანაირად ვერ გამოიწვევს ტკივილს, ტერორისტულ აქტადაც რომ მოინათლოს.
მეგობრებო, განა თქვენ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ჩვენ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ამათგან გამოგვიხსნა? დღეს ხშირად ამბობენ, მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინაო... მარტო სააკაშვილმა? ასეთი დონის პროკურორი რომ გეყოლება, განა უარეს დანაშაულს არ ჩაიდენ? აქ საინტერესო ის არის, სად მოძებნა სააკაშვილმა ამდენი დუპლეტი და რამ დაანიშნინა მაღალ თანამდებობებზე? ისე, ჩვენში დარჩეს და... “გმირი” მზია უკეთეს “ადუკანტს” არ იმსახურებდა?
გელა ზედელაშვილი

